სამართალი
ასლან ბჟანიამ დონბასში ნაბრძოლი ახრა ავიძბა თანაშემწედ დანიშნა

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ახრა (ახრიკ) ავიძბა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თავის თანაშემწედ დანიშნა.

აფხაზეთის მკვიდრი, 34 წლის ახრა ავიძბა 2014 წელს დონეცკში ადგილობრივ მეამბოხეებთან ერთად უკრაინული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. მას მეტსახელად „აფხაზი“ შეარქვეს.

მისმა სახელმა სოხუმში იანვრის არეულობების დროსაც გაიჟღერა, რის შედეგადაც ყოფილმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა. ავიძბა ოპოზიციის მხარდამჭერების ჯგუფს უძღვებოდა, რომელმაც 9 იანვარს ხაჯიმბას „რეზიდენცია“ შტურმით აიღო. ხაჯიმბა 12 იანვარს გადადგა და რეგიონში ახალი არჩევნები ჩატარდა.

2014 წელს ავიძბა ხაჯიმბას წინამორბედის, ალექსანდრე ანქვაბის გადაყენებაშიც მონაწილეობდა. ეს უკანასკნელი ბჟანიამ 24 აპრილს აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტის“ მეთაურად დანიშნა.