უცხოეთი
სომხეთში აქციის დროს ოპოზიციის ლიდერის 91 მომხრე დააკავეს

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. სომხეთში სამართალდამცველებმა 91 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ. სამსახურში ოპოზიციის ლიდერის გაგიკ ცარუკიანის დაკითხვა მიმდინარეობს.

„91 ადამიანი დაკავებულია საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო. ისინი სამ საათს დაყოფენ პოლიციის განყოფილებებში და შესაბამისი ოქმის გაფორმების შემდეგ გათავისუფლდებიან“ , - განაცხადეს პოლიციაში.

კვირას დილით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცარუკიანის კერძო ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. უწყების პრესსამსახურში მოგვიანებით განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა 60 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის დარღვევის ფაქტი გამოავლინა, რომელიც ბიზნესმენ დეპუტატ ცარუკიანს უკავშირდება.

თავის მხრივ, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის პრესმდივანმა სვეტა ტონონიანმა განაცხადა, რომ ცარუკიანს თავისი კომპანია მინდობილობით მმართველობაში აქვს გადაცემული და თავად ბიზნესით არ არის დაკავებული.

ივნისის დასაწყისში ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა პრემიერ ფაშინიანის ხელმძღვანელობით ვერ უმკლავდება ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და უნდა გადადგეს.

პარტია „აყვავებულ სომხეთს“ ქვეყნის პარლამენტში სიდიდით მეორე ფრაქცია ჰყავს. პარტია ბიზნესმენმა ცარუკიანმა 2006 წელს დააფუძნა.

interpressnews.ge