აქტუალური
მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი მოამზადა

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკაზე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრის მიზანს უნდა უპასუხოს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის შედეგების აღმოსაფხვრელად საბიუჯეტო ხარჯების ზრდას გეგმავს. ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

2020 წლის განახლებული ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები დაახლოებით 16 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც თავდაპირველ მაჩვენებელს 1.5 მილიარდი ლარით აღემატება. მთავრობის გეგმით, ანტიკრიზისულ ზომებზე, პანდემიით გამოწვეულ სხვა ხარჯებთან ერთად, ჯამში 3.4 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის თანახმად, საბიუჯეტო შემოსავლები თავდაპირველ მაჩვენებელთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით მცირდება. ფისკალური დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ს 2.5%-დან 8.5%-მდე იზრდება, წლიური ინფლაცია კი დაახლოებით 3.5% იქნება. საშემოსავლო გადასახადების კლება საბიუჯეტო შემოსავლებს 250 მილიონი ლარით შეამცირებს.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ არაპროგნოზირებადობა – ეს არის დიდი გამოწვევა გლობალური ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი პატარა ეკონომიკისთვის, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 9 ივნისს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კი განაცხადა, რომ „მთელი ფილოსოფია ამ ბიუჯეტის იყო შემდეგში – ერთი მხრივ, ჩვენ შევეცადეთ, რომ ის ხარჯები, რომლებიც არარალევენტური გახდა პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად შეგვემცირებინა და ასევე, მოგვეძიებინა რესურსები ჩვენი დონორებისგან და ამ რესურსის ხარჯზე შეგვექმნა რამდენიმე პროგრამა, სოციალური მხარდაჭერის პაკეტი“.

ამასთან, კრიზისის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების კომპენსაციებისათვის 525 მილიონი ლარი გამოიყოფა. 170 მლნ ლარი დაიხარჯება მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის. 600 მლნ ლარია გათვალისწინებული დღგ-ს დაბრუნებისთვის. კიდევ 600 მლნ ლარი კი ქართული კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შესაქმნელადაა გადადებული.

მთავრობა აცხადებს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო დონორის მხრიდან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, აზიის განვითარების ბანკიდან და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან კრედიტების და გრანტების სახით ქვეყანა დამატებით თანხას მიიღებს, რომლის ჯამური რაოდენობაც 4,47 მილიარდი ლარია. StopCoV ფონდში, რომელიც პანდემიის გავრცელებისთანავე შეიქმნა, ძირითადად, კერძო შემოწირულობების წყალობით, 133 მლნ ლარია მობილიზებული.

გარდა ამისა, გაზრდილი ხარჯების კომპენსირებისთვის არსებული ბიუჯეტიდან 600 მლნ ლარი გამოთავისუფლდა. კერძოდ, დაფინანსება შეუმცირდათ ინფრასტრუქტურის სამინისტროს – 250 მლნ ლარით; განათლების სამინისტროს – 127 მლნ ლარით; თავდაცვის სამინისტროს – 75 მლნ ლარით და თბილისის მერიას – 35 მლნ ლარით.