უცხოეთი
რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსი 8 984 ადამიანს გამოუვლინდა

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. გასულ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 134 ადამიანი გარდაიცვალა, 5 343 ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება РИА Новости ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

ეპიდემიის დაწყებიდან დაავადებულთა საერთო რიცხვი 467 673 -მდე გაიზარდა. 5 859 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 226 731 პაციენტი.

კორონავირუსის პანდემიამ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო მოიცვა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 6,7 მილიონზე მეტი ადამიანი, აქედან 392 ათასი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, COVID-19 6,9 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, თითქმის 400 ათასი გარდაიცვალა, დაახლოებით 3,1 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ლეტალური შემთხვევებით პირველ ადგილზეა კვლავ აშშ (110 ათასზე მეტი გარდაცვლილი), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი.

რუსეთში პანდემიამ პლატოს მიაღწია, მიიჩნევენ ჯანმოში. ქვეყანაში თანდათანობით ხსნიან ადრე დაწესებულ შეზღუდვებს, თუმცა ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის მოსკოვში, თვითიზოლაციის რეჟიმი გახანგრძლივდა. როგორც დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა აღნიშნა, ზოგიერთი შეზღუდვა ვაქცინის შექმნამდე შეიძლება გაგრძელდეს.