სამართალი
კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმში მოშიმშილეებმა პირი ამოიკერეს

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმში 4-მა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ამავე მოთხოვნით შიმშილობს 15 ადამიანი. პარალელურად, იუსტიციის სახლთან გაშლილია კარვები და გრძელდება საპროტესტო აქცია.

აქციის მონაწილეები მაუწყებელთან საუბრისას აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ იუსტიციის მინისტრისგან არ გაიგებენ ზუსტ თარიღს, თუ როდის მოხდება ლავასოღლის ექსტრადიცია.

თურქმა სამართალდამცველებმა ლავასოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას. ქუთაისის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

ადვოკატის ინფორმაციით, დაპატიმრების ვადა ლავასოღლის თურქეთში 28 თებერვალს ამოიწურა და ის საქართველოში უნდა გადმოეყვანათ. მისივე განმარტებით, ლავას ოღლი 28 თებერვალს გაათავისუფლეს და სადეპორტო სივრცეში გადაიყვანეს, საიდანაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა წაეყვანა, თუმცა 29 თებერვალს ის ისევ დააპატიმრეს და ციხეში დააბრუნეს.