საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტოს NEWS FRONT (2020 წლის 29 მაისი)
- საქართველოდან ყველა პროტესტისა და უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაწვევის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა მაინც მოხდა. აღსანიშნავია, რომ ისეთი მკაცრი ფორმულირებები, რომლებიც საქართველოს ყველა პირველმა პირმა - პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ - გამოიყენეს ვლადიმერ ზელენსკისთან მიმართებაში, მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან მიმართებაში თუ გამოუყენებიათ. უკრაინის პრეზიდენტს განუცხადეს, რომ ამით მან შეურაცხყო საქართველო და საფრთხის ქვეშ დააყენა ქართულ-უკრაინული ურთიერთობები. მაგრამ ამას პირიქით - მოჰყვა მხოლოდ ზელენსკის მილოცვა სააკაშვილისთვის მისი დანიშვნის შესახებ, რაც კიდევ უფრო გამომწვევად ჟღერდა! რით ახსნიდით ამ უცნაურ სიტუაციას, როდესაც სასწორის ორ პინაზე შეუსაბამო ფასეულობებია, სააკაშვილი - და უკრაინელი და ქართველი ხალხების მეგობრობა?
- ზელენსკისთვის ორი სატელეფონო ზარი საკმარისი აღმოჩნდა. სააკაშვილი დანიშნეს უკრაინაში, რათა გადაიყვანონ საქართველოში, თანამდებობიდან - თანამდებობაზე. დამეთანხმებით, ულამაზოა, როდესაც ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის რამდენიმე ვადით პატიმრობამისჯილი უმუშევარი ბომჟი პირდაპირ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი ხდება!
- თუ ფლობთ ინფორმაციას - კონკრეტულად ვინ დაურეკა ზელენსკის?
- დიახ, ორივე ზარი აშშ-დან გაისმა, ორივე - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეებისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის მომხრეების მთავარი კოორდინატორებისგან. ეს არის უკრაინისა და საქართველოს კურატორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი, რომლის შესახებაც NEWS FRONT- ს სამი დღის წინ მოვუყევი. მეორე, ვინც ზელენსკის დაურეკა, ჯორჯ სოროსი იყო. ორივემ მოსთხოვა სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე, მაგრამ არცთუ დიდი ხნით - ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მის საქართველოში გამგზავრებამდე. ამის სანაცვლოდ ზელენსკიმ სოლიდური ბონუსი მიიღო. დოლარებში...
ამრიგად, ზელენსკიმ მშვენივრად იცის, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი აქტივობა უკრაინაში მხოლოდ შირმა, ამ უკანასკნელის სამშობლოში დაბრუნების სცენარის ნაწილია. ამიტომ ზელენსკის სულ არ ანაღვლებს, მიშკა ვიცე-პრემიერი იქნება თუ “სეკრეტარშა“ მკვდრადშობილი სტრუქტურისა, რომელსაც მაშინვე გააუქმებენ, როგორც კი სააკაშვილი საქართველოში გაემგზავრება!
- რამდენად დიდია შანსები, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება არა ციხეში, არამედ თავის ძველ კაბინეტში ავლაბრის რეზიდენციაში? ვაღიარებ, ნაკლებ სავარაუდოდ მეჩვენება...
- და ვინ იფიქრებდა, რომ ”პრორუსული” ბურჯანაძე კვლავ დაბრუნდებოდა სააკაშვილთან და საქართველოში ანტირუსული ოპოზიციის ლიდერი გახდებოდა?! ოპოზიციის, რომლის წევრებიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბურჯანაძეს ლანძღავდნენ და ყოველდღიურად "პუტინის მონის" და "კრემლის აგენტის" იარლიყს აწებებდნენ?! იცით, რა უხერხულობას ჰქონდა ადგილი, როდესაც ის პირველად დაესწრო ”გაერთიანებული ოპოზიციის” პოლიტიკურ საბჭოს?! პარტიის ზოგიერთმა ლიდერმა, რომელთა გაფრთხილებაც ვერ მოასწრეს, რომ ამაზე სააკაშვილის მიერ სანქცია იყო გაცემული, დემონსტრატიულად დატოვეს ეს ფორმატი და ჟურნალისტებთან მრისხანე კომენტარები გააკეთეს! თუმცა შემდეგ მათ გაცვალეს კომპლიმენტები ნინოსთან და „ვერც კი შენიშნეს“, რომ სხდომათა შორის შესვენებებზე ბურჯანაძე მოსკოვში გაფრინდა, სახელმწიფო დუმაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, კრემლში შეხვედრები გამართა და კვლავ დაუბრუნდა ოპოზიციურ მაგიდას, ვითომც არაფერი მომხდარა! და გუშინ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე კომენტირებისას, „კრემლის ვარსკლავმა“ ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს საქმეებში რუსეთის პირდაპირი ჩარევა გამორიცხული უნდა იყოს“. როგორც ჩანს, ნინოს თვალთმაქცობას და ამბიციებს საზღვარი არ გააჩნია.
- ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ბურჯანაძესა და სააკაშვილს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ ...
- გასაკვირი რა არის?! ქართული პოლიტიკა ფარისევლობის აკადემიაა, მათ კი საერთო ბევრი აქვთ, ისინი ერთად აღზევდნენ და დაეცნენ ქართულ პოლიტიკაში! როდესაც სააკაშვილი და ბურჯანაძე ერთად იყვნენ, ეს ორივესთვის ყველაზე ბრწყინვალე დრო იყო! დიახ, ჩემი ინფორმაციით, ეს ზარი გაისმა ე.წ. ”გავრილოვის ღამეების” შემდეგ და ბურჯანაძის მოსკოვში ბოლო ვიზიტამდე, სავარაუდოდ - გასული წლის ივლისში, მიშამ ნინო თავისთან, კიევშიც კი მიიწვია, რათა ყველაფერი დეტალურად განეხილათ. მერწმუნეთ, სააკაშვილის გარეშე საქართველოს "გაერთიანებულ ოპოზიციაში" ბუზიც ვერ გაფრინდება, რადგან:
1 – „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ ელექტორატის მქონე ერთადერთი პარტია სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობაა“. ყველა დანარჩენი - ლეიბორისტები, რესპუბლიკელები, ბურჯანაძის პარტია და თვით „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრებისგან შექმნილი ბოკერიას პარტია - ფშუტე, სამი წევრის პარტიებია, რომელთაგან ერთი თავმჯდომარეა;
2 - სააკაშვილი „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთადერთი სპონსორია. ყველა, ვინც მათ აფინანსებს - დასავლური ფონდები თუ ქართველი ბიზნესმენები - ფულს აძლევს სააკაშვილს, "ვარდების რევოლუცია -2" პროექტის ფარგლებში;
3 - სააკაშვილი ერთადერთია, ვისაც ამ ნაირგვარი ჯურის ნაკრებში ძლიერი მასმედია - ტელევიზია, გაზეთები, ინტერნეტ-სააგენტოები, ბლოგერები და ფეისბუქის მრავალი ჯგუფი აქვს.
ასე რომ, ვპასუხობ თქვენს შეკითხვას სააკაშვილის შანსების შესახებ საქართველოს ტახტზე: თუ საქართველოს პარლამენტში ოქტომბრის არჩევნების შედეგად უმრავლესობა არ იქნება და მთავრობა იქნება კოალიციური, როგორც ამას აშშ-ის კონგრესში "საქართველოს მეგობრების ჯგუფი" და ზემოხსენებული ჯორჯ კენტის გეგმავენ, მეორე დღეს სააკაშვილი თბილისში ჩამოფრინდება და მისი ფანატები, რომელთაც საქართველოში სხარტად ნაცსექტა შეარქვეს, თავიანთ გურუ მიშას თბილისის აეროპორტიდან - მის მიერ აშენებულ პრეზიდენტის სასახლეში ხელში ატატებულს მიიყვანენ!
ამიტომ, დღეს საქართველოსთვის მთავარი საშიშროება არის კიევში, და არა კრემლში! მაგრამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ეს თითქოსდა არ ესმის და სამი დღის წინ კვლავ აკეთებს პროვოკაციულ განცხადებას, რომ, ვითომდა, კორონავირუსისგან გადარეული რუსეთი ემზადება საქართველოს დასაპყრობად, საკუთარი ეკონომიკის გადასარჩენად! ამის საპასუხოდ, საქართველომ მიიღო ორი მკაცრი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან - ლუგარის ლაბორატორიისა და ღია ცის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე.
- რით ახსნით საქართველოს პრეზიდენტის მორიგ ანტირუსულ განცხადებას? განა შარშან მისი განცხადების გამო - ”რუსეთი მტერია!” - საქართველომ მილიარდობით ზარალი არ განიცადა, დარჩა რა რუსი ტურისტებისა და რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის გარეშე?
- საქართველოს ერთ-ერთი მოდური ამერიკელი მენტორი, ზუსტად არ მახსოვს - საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის Heritage Heritage Foundation-ის ხელმძღვანელი ლუკ კოფი, თუ ბაიდენის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი, გავრილოვის ღამემდე ორი კვირით ადრე, თბილისში ჩამოვიდა სააკაშვილის დედის -გული ალასანიას მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, სადაც განაცხადეს, რომ რუსი ტურისტები იგივე რუსი ჯაშუშები არიან და რაც უფრო ნაკლები იქნებიან ისინი საქართველოში, მით უკეთესი!
რაც შეეხება ზურაბიშვილს, რომელიც სააკაშვილმა, თავისი პრეზიდენტობისას, საფრანგეთიდან ჩამოიყვანა და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, როგორც ჩანს, ისიც შეურიგდა სააკაშვილს, ბურჯანაძის მსგავსად, და ასევე ელოდება მას თბილისში, რათა როგორც შეწყალების უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტმა, მიშა ყველა მუხლით შეიწყალოს! არა, რა თქმა უნდა, ასე მარტივად მათ ეს არ გამოუვათ, გარწმუნებთ, სისხლისღვრა გარდაუვალია, თუ...
მაგრამ ეს უკვე ჩვენი, ქართული პრობლემებია, უბრალოდ ვწუხვარ, რომ უკრაინელ ხალხს ასე აცურებენ და კვებავენ მითებით დიდი რეფორმატორი მიშიკოს შესახებ, რომელმაც ერთხელ საქართველო იხსნა და ახლა სასწაულებრივად გადაარჩენს უკრაინასაც!