რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს პრეზიდენტებს არასდროს ჰქონიათ ჯანსაღი ლოგიკა!

     საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელება და დაასტაბილუროს ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია. ამ ”სენსაციური” ფაქტებზე დაყრდნობით ზურაბიშვილმა დაასკვნა, რომ შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე, რუსეთს შეუძლია აგრესიის განხორციელება მეზობელი ქვეყნების, მაგალითად, საქართველოს მიმართ. პანდემიის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა და ნავთობის ფასების ვარდნამ, ასევე, ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებაშესაძლოა რუსეთაგრესიისკენ ბიძგოს. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიმედოვნებ, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი აგრესია არ განხორციელდება. იმედი მაქვს, რომ კრიზისი რუსეთის ლიდერებს პრობლემის გადაჭრის სხვა გზებს დაანახვებს”, - თქვა სალომემ.

     საერთოდ, საქართველოს პრეზიდენტების განცხადებები არასოდეს ექვემდებარებოდა ჯანსაღ ლოგიკას, და ამ მხრივ ზურაბიშვილიც არ არის გამონაკლისი, ის საქართველოს ნამდვილი პრეზიდენტია! უფრო მეტიც - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელსა და სააკაშვილის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრს იოტისოდენა წარმოდგენაც არ აქვს დიპლომატიის ანაბანაზე. სხვაგვარად, ეცოდინებოდა, რომ მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკს და, მით უმეტეს, პრეზიდენტს, სანამ რომელიმე ქვეყანას, და, მით უმეტეს, ბირთვულ ზესახელმწიფოსა და მეზობელს, აგრესორს უწოდებს, ამისათვის სერიოზული არგუმენტები უნდა გააჩნდეს. ნუთუ ზურაბიშვილს დაავიწყდა, როგორ ჩაშალა შარშანდელი ტურისტული სეზონი საქართველოში, როდესაც "გავრილოვის ღამის" შემდეგ წამოაყრანტალა, რომ რუსეთი მტერია? მაშინ საქართველოს ბიუჯეტს რუსი ტურისტებისგან ასობით მილიონი დააკლდა, ხოლო პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან დღემდე შეწყვეტილია ...

     აქსიომაა, რომ სამხედრო ოპერაციები დიდ სამხედრო ხარჯებსა და სხვა ქვეყნების მხრიდან, როგორც მინიმუმ, სანქციების დაწესების საშიშროებას უკავშირდება. თუ რუსეთში ეკონომიკური კრიზისი და, ზურაბიშვილის აზრით, მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, მაშინ რა მიზეზი აქვს რუსეთის ხელისუფლებას, საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყოს?! ნუთუ ქართული წიაღი ოქროს ვეღარ იტევს, რაც დაეხმარება რუსეთს, საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ეკონომიკა გაიუმჯობესოს?! რა საფუძველი აქვს რუსეთს, საშინელი პანდემიის ბობოქრობისას სამხედრო შეტაკებაში ჩაერთოს ნატო-სა და აშშ-თან, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორები არიან?

     მაგრამ ზურაბიშვილს „ორიანი“ არა მხოლოდ ლოგიკაში (ნიძლავს დავდებ, რომ ერთიანი სახელმწიფო გამოცდის ტესტებშიც კი ჩაიჭრება!), არამედ ისტორიაშიც აქვს. როდის იყო რუსეთის ლიდერები ამ გზით ჭრიდნენ საკუთარ პრობლემებს, ანუ იწყებდნენ ომებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ?! ეგებ პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ სააკაშვილში აერია, რომელმაც მართლაც იწყებდა ომებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩიხში მოქცევისას?! შემდეგ კი ომს აბრალებდა ყველა თავის მარცხსა და ასტრონომიულ სამხედრო ხარჯებს?! სწორედ ასე მოიქცა სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში, რათა კიდევ ერთხელ გამხდარიყო პრეზიდენტი და ჩამოეწერა იარაღის შეძენაზე დახარჯული ასობით მილიონი დოლარი, რომლის ნაწილიც ოქრუაშვილმა, ბარამიძემ და კეზერაშვილმა საჩუქრად დაუტოვეს რუსეთის არმიას კოდორსა და ცხინვალში, ხოლო დანარჩენი მიჰყიდეს „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ჩეჩენ ბოევიკებს!

     თუმცა არსებობს ზურაბიშვილის პროვოკაციული განცხადების სხვა განმარტებაც. მაგალითად, საკმაოდ მოუქნელი მცდელობა, „ჩამოირეცხოს“ ხელისუფლებას “რუსული დამღა", რომელიც მას ყოველდღიურად აწებებს გაერთიანებული ოპოზიცია. აქაოდა, ჩვენ რა პრორუსული ვართ, თუკი რუსეთს საქართველოში შემოჭრა სურს აქ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით?! პირიქით - ჩვენ თქვენზე ანტირუსები ვართ! განსაკუთრებით - მე, ყველას, და არა მარტო „ოცნების“, პრეზიდენტი!

   ანდა, რაც ასევე გაუჩორკნავია (როგორც ზურაბიშვილის ყველა გამოსვლა), გაიმეოროს ვერსია, რომ რუსულ ჯარებს საქართველოს კარს ოპოზიცია გაუღებს, რომლის ”პირველი ვიოლინოც” - ”კრემლის ვარსკვლავი” ნინო ბურჯანაძე, ”კონცერტმეისტერი” - რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსური შეიარაღების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი გრიშა ვაშაძე, ”დირიჟორი” კი კა-გე-ბეს პოლკოვნიკის თემურ ალასანიას დისშვილი, მიშკა სააკაშვილია: “აი ვის დაადგამს გვირგვინს რუსეთი, როცა ტიფლისის თავზე მეორედ ააფრიალებს წითელ დროშასო!“.

   ან იქნებ სალომეში ემიგრანტის კომპლექსი ალაპარაკდა? რადგან როდესაც ეს პირველად მოხდა, მისი წინაპრები იძულებული იყვნენ, საფრანგეთში გაქცეულიყვნენ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 26 მაისი
საქართველო, თბილისი