გასული კვირის ბოლოს, 22 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის ტელეკომპანია“იმედს“, სადაც განაცხადა, რომ ”აშშ-საქართველოს 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში აშშ-ის დახმარებამ საქართველოთვის 5 მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა”, მათ შორის - „150 მილიონი დოლარი ლუგარის ლაბორატორიის შესაქმნელად”. შემთხვევითი როდი იყო, რომ ჯორჯ კენტის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, თითქმის ყოველდღიური განცხადებები სამი თვის განმავლობაში, რომელთაგან თითოეულში ცალ-ცალკე სახელდებოდა კონკრეტული ციფრები დოლარებში, დახმარების მიზნობრიობიდან გამომდინარე (ბიოლოგიური, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების, საზღვრის მოწყობის, არმიის შეიარაღებისა და აღჭურვის, სამედიცინო აღჭურვილობის, განათლებისა, დემოკრატიული რეფორმებისთვის და ა.შ.). ამ გზით ქართველებს უშუალოდ შეახსენეს, რომ კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა სამყარო შეცვალა, მაგრამ საქართველოს ეს არაფრით არ ეხება - ის უკვე გაიყიდა 5 მილიარდ 600 მილიონ დოლარად! ეს თითქმის 2-ჯერ მეტია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის დახმარება საქართველოსთვის, და ოდნავ ნაკლებია, ვიდრე საქართველოს 2020 წლის წლიური სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ ამერიკელებისთვის საკმარისია, რათა ჰქონდეთ ჩარევის უფლება საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, სასამართლო და საარჩევნო სისტემებში, მოითხოვონ ცვლილებები კონსტიტუციაში და დაადგინო პროპორცია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პარლამენტში.
მიუხედავად ამერიკის დახმარებისა - 30 წლის განმავლობაში 5 მილიარდ 600 მილიონი აშშ დოლარი - საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი და ეს ჯერ დასასრული როდია, თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც აღმოჩნდება აშშ-ის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა მხარეზე. გახსოვთ? მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერდნენ ჯონ მაკკეინს, პრეზიდენტი კი ბარაკ ობამა გახდა, დებდა ფსონს ჰილარი კლინტონზე და არჩეულ იქნა დონალდ ტრამპი. ახლა სააკაშვილი და მისი პარტიის პლატფორმაზე შექმნილი „გაერთიანებული ობოზიცია“ მხარს უჭერენ კანდიდატ ჯოზეფ ბაიდენს - ტრამპის ერთადერთ მოწინააღმდეგეს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის გამარჯვების შემთხვევაში გაგრძელდება სააკაშვილისა და ბაიდენის მიერ 2009 წელს დაწყებული საზღვაო პორტი ანაკლიის მშენებლობა ძველი პირობებით. კერძოდ კი: ბაიდენი უზრუნველყოფს ამერიკულ ინვესტიციებს, საიდანაც ის მიიღებს “ატკატს”, ექსპლუატაციას მოახდენს ბაიდენი სააკაშვილთან ერთად, ხოლო მშენებლობის პროექტს უხელმძღვანელებს ბადენის ვაჟი -ჰანტერ ბაიდენი, რომელიც უკრაინაიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც გარეული აღმოჩნდა უდიდეს კორუფციულ სკანდალში, საუბარია ათობით მილიონი დოლარის გათეთრებაზე ჰანტერის 5 წლის განმავლობაში ფორმალურად ყოფნის ნავთობგაზის ჰოლდინგის „Burisma“-ს დირექტორთა საბჭოში.
და აი ერთი კვირის წინ ატყდა ახალი სკანდალი - 19 მაისს, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა პრესკონფერენციაზე წარადგინა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საუბრების აუდიო ჩანაწერები უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, სადაც ისინი პოროშენკოსგან მოითხოვენ თანამდებობიდან გადააყენოს უკრაინის გენპროკურორი ვიქტორ შოხინი, რომელიც ჯიუტად განაგრძობს „Burisma“-ს საქმის გამოძიებას, ხოლო სანაცვლოდ, ჰპირდერბიან პოროშენკოს, რომლის წინააღმდეგაც დღეს სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ამერიკულ დახმარებას 1 მილიარდი დოლარის ოდენობით! (მოვა დრო, როდესაც, საქართველოშიც, მათ მიმართ, ვინც ამერიკელი მაღალჩინოსნების უკანონო ბრძანებებს მილიარდობით დოლარის სანაცვლოდ ასრულებდა, გამოძიება დაიწყება).
და დასასრულ, კიდევ ერთი სკანდალი: აღმოჩნდა, რომ პუბლიკაციის დასაწყისში ნახსენები საქართველოს ამერიკელი კურატორი სახელმწიფო დეპარტამენტში - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი - გახლავთ ამჟამინდელი (და, ალბათ, მომავალი!) აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე. 21 მაისს ("ქართული ტელეკომპანია იმედისთვის" ჯორჯ კენტის ექსკლუზიური ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე) უკრაინულ ტელეარხ 1 + 1-ზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს - "Право на владу" ეთერში, პოლიტიკურმა კონსულტანტმა, აშშ-ში უკრაინის საელჩოს ყოფილმა თანამშრომელმა ანდრეი ტელიჟენკომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი მოითხოვდა, რომ ოფიციალურ კიევს არ გამოიძიებინა საერთაშორისო კორუფციის ფაქტები და შესაძლო სახელმწიფო ღალატი მამა-შვილი ბაიდენისა და პეტრო პოროშენკოს მონაწილეობით! ირკვევა, რომ სწორედ კენტი იყო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტისა და სკანდალის ფიგურანტი, რომელმაც ჩვენება მისცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში - აქაოდა, მან გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას, რადგან ზეწოლას ახორციელებდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე მოთხოვნით, გაგრძელებულიყო უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის ვიქტორ შოხინის მიერ დაწყებული გამოძიება კორუფციის შესახებ ჰოლდინგ „Burisma“-ში, რომელშიც ჩარეული იყვნენ ჯოზეფ და ჰანტერ ბაიდენები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებით იმუქრებოდა. ”უწინ კენტი იყო აშშ–ის ყოფილი ელჩის მარი იოვანოვიჩის მოადგილე უკრაინაში. ის არის НАБУ-ს (უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) ნათლიმამა! ის არის ადამიანი, ვინც შექმნა НАБУ, ანტიკორუფციული ორგანოები. ის ფაქტობრივად ცდილობდა მანიპულირებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ენინის მეშვეობით, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, კვირაში ერთხელ ან ორჯერ რეკავს და ხელმძღვანელობს პროცესს - რა უნდა გააკეთოს უკრაინამ და რა - არა!”, - თქვა ტელიჟენკომ.
”საკითხი დღეს პრინციპულად ეხება მხოლოდ დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც გავლენა აქვს ჯორჯ კენტზე. იგი ამას აკეთებს მხოლოდ მათი ინიციატივით. არავითარი ინიციატივა არც თეთრი სახლიდან, არც სახელმწიფო დეპარტამენტიდან ოფიციალურად, არც მაიკ პომპეოსგან არ არსებობს! ეს ჯორჯ კენტის პირადი ინიციატივაა, რომელსაც შეუძლია პროცესების მართვა. მაგრამ, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ვაშინგტონში სკანდალი იქნება! უკრაინის ხელისუფლებას უბრალოდ არ სჭირდება ასეთი დონის საჯარო მოხელეების განცხადებების მოსმენა! ჩვენ პირდაპირ უნდა ვესაუბროთ პომპეოს ან თეთრ სახლს. ამის შემდეგ ურთიერთობები უკეთესი იქნება ვიდრე საელჩოზე დაყრდნობით”, - დასძინა აშშ-ში უკრაინის საელჩოს ყოფილმა თანამშრომელმა.
იქნებ დადგა დრო, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც შეწყვიტოს აშშ-ის სალჩოზე დაყრდნობა და პირდაპირ ესაუბროს თეთრ სახლსა და სახელმწიფო მდივან პომპეოს, იმის ნაცვლად, რომ უსმინოს კენტის დონის სახელმწიფო მოხელეების, კელი დეგნანის, კონგრესმენ - სენატორ კინზინგერის, რიშისა და შაჰინის განცხადებებს?! ნუთუ გაუგებარია, რომ საქართველოს ჰყავს იგივე კურატორები, რაც უკრაინელებს, რომლებიც ტრამპის საზიანოდ საკუთარი ინიციატივით ხვევენ საქართველოს უკრაინულ სკანდალში?!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 26 მაისი
საქართველო, თბილისი