აქტუალური
რუსეთის მიერ მეზობლების სუვერენიტეტის ხელყოფის გამო აშშ „ღია ცის“ ხელშეკრულებას ტოვებს

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 21 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ღია ცის“ ხელშეკრულების დატოვების შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად რუსეთის მიერ საერთაშორისო შეთანხმების მუდმივი დარღვევა, მათ შორის, ის ფაქტიც დაასახელა, რომ რუსეთი აშშ-ის უფლებას არ აძლევს, მის საზღვართან მდებარე საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან „10 კილომეტრიან კორიდორში სადამკვირვებლო ფრენები განახორციელოს“.

სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მახლობლად სადამკვირვებლო ფრენების განხორციელებაზე უარის თქმით, რუსეთმა სცადა გაემყარებინა „ყალბი განცხადებები, თითქოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“.

პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს, თუ რუსეთი შეთანხმების პირობების შესრულებას დაუბრუნდება.

ღია ცის“ შესახებ 1992 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც 35 წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, რომ ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ.

პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების „შერჩევითი განხორციელებით“, სამხედრო იძულების ხელშეწყობის იარაღად რუსეთი „ღია ცის“ პრინციპს სულ უფრო ხშირად იყენებს.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ხელშეკრულება დაშინებისა და მუქარის ინსტრუმენტად აქცია.

თუ კრემლის მხრიდან პოზიცია არ შეიცვლება“, აშშ ექვსი თვის შემდეგ ხელშეკრულებიდან გავა.