აქტუალური
კელი დეგნანი: ამერიკელ კონგრესმენებს სურთ საქართველომ აისრულოს ოცნება - ჰქონდეს უფრო თავისუფალი, მძლავრი დემოკრატიული საზოგადოება

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში უარი განაცხადა შეეფასებინა ამერიკელი კონგრესმენების ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებები და წერილები, რომლებიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხებოდა. 20 მაისს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე მან ასეთი განმარტება გააკეთა:

ყოველთვის ვყოყმანობ აშშ-ის ხელისუფლების სხვა შტოს მოქმედებებზე კომენტირების საკითხზე, რადგან კონგრესი არის ძალიან დამოუკიდებელი და ძალიან ამაყიც ასეთი დამოუკიდებლობით აღმასრულებელი შტოსგან, რომელსაც მე წარმოვადგენ. რაშიც შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, არის ის, რომ ნებისმიერი კომენტარი, რომელიც აშშ-დან მოდის, მოდის ადამიანებისგან, ჯგუფებისგან, რომლებსაც გულწრფელად სურთ საქართველოს წარმატება. მათ სურთ, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ სურთ, რომ საქართველომ აისრულოს მისივე ოცნება - ჰქონდეს უფრო თავისუფალი, მძლავრი დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც იქნება აგრეთვე ეკონომიკურად განვითარებული და თავის ხალხს შესთავაზებს მრავალფეროვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებსაც ის იმსახურებს. ვფიქრობ და იმედს ვიქონიებდი, რომ ნებისმიერი სახის გამოხმაურება, რომელსაც საქართველო იღებს, სწორედ ამ სულისკვეთებით და საქართველოს წარმატების ხელშეწყობის სურვილით არის გამსჭვალული“.

შეკითხვას, ხომ არ უმსჯელია მას საქართველოს მთავრობასთან ირანთან კავშირებზე, კელი დეგნანი პასუხობს:

საქართველოს მთავრობასთან ჩვენს ურთიერთობას განვიხილავ უფრო ფართო სპექტრში. ძალიან კარგი თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვაქვს, განსაკუთრებით საკითხებზე, რომლებიც ეხება საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩემი აღქმით, საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის კარგი არხი გვაქვს. როცა საკითხები წამოიჭრება, შეგვიძლია მათი განხილვა საკმაოდ ღიად და გვაქვს ღრმა თანამშრომლობა საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე“.