წარსულის ქექვა და გარდაცვლილთა ხსოვნის აფორიაქება ცუდი საქმეა, თუმცა, როგორც ჩანს, ქართულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ “დაივიწყა”, ხოლო უცხოეთში სულაც არ იციან, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველო მაფიოზური ქვეყანა იყო. რამდენიმე შეიარაღებული ბანდფორმირების ლიდერებმა (ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი და სხვ.), დაამხეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ჩამოაყალიბეს სამხედრო ხუნტა, რომლის სათავეშიც, შირმად, მარიონეტი - მოსკოვიდან ჩამოყვანილი ედუარდ შევარდნაძე დასვეს (მალე შევარდნაძე გაუსწორდება ბანდიტებს, მაგრამ პირველ წლებში იძულებულია დაეთანხმოს, ვინაიდან წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ შესწევს).
დღისით-მზისით, უამრავი ხალხის თვალწინ ცინიკური მკვლელობები და ძარცვა, შეიარაღებული გამოძალვა და გაუპატიურება - საქართველოს ათასობით დაუცველი მოქალაქე დაექვემდებარა არაადამიანურ წამებას! ნუთუ ნაციონალ-მეგრელებმა დაივიწყეს - როგორ დააწიოკა სამეგრელო იოსელიანის შეიარაღებულმა ბანდფორმირებამ?! როგორ ბრუნდებოდნენ უკან, თბილისში, ნაძარცვით დატვირთული სამხედრო ვერტმფრენები და სატვირთო მანქანები - ისე, რომ აფხაზეთამდეც არ ჩასულან?! ხოლო მათ, ვინც არ დათანხმდა როიალის, ჭაღის, მანქანის, ფულის, ცოლის ან ქალიშვილის მიცემას, შუბლში ტყვიას ახლიდნენ!
ზემოთ, ფოტოზე გამოსახულია კანონიერი ქურდი, ქართული მაფიის ნათლია, „მხედრიონის“ ლიდერი ჯაბა იოსელიანი, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართველი ბანდიტთან - გიორგი (ჟორიკ) რურუასთან, რომელიც ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკ თბილისურ დაჯგუფებას. დიახ, სწორედ ის, ვის საპატიმროდან გათავისუფლებაც დღეს მოითხოვენ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები, ევროპარლამენტარები და დალაი-ლამაც კი! სასამართლო პროცესზე ის შავი მაისურით მოდის, რომელსაც აწერია ”პოლიტპატიმარი” - აქაოდა, მე დამაკავეს იმის გამო, რომ სააკაშვილის ტელეკომპანია “მთავარი არხის“ თანამფლობელი და ოპოზიციის სპონსორი ვარ, და არა პისტოლეტისთვის, რომელიც ჩამიდესო!
საგულისხმოა, რომ უკრაინაში, „ევრომაიდნის“ პირველივე დღეებიდან ბევრი მხედრიონელი სააკაშვილის გვერდით იდგა, მოგვიანებით ჩამოაყალიბეს „ქართული ლეგიონი“ და იბრძოდნენ დონბასში. ერთი წლის წინ კი, „გავრილოვის ღამეს“ ჟორიკა და მისი ამხანაგები საქართველოს პარლამენტის შტურმსა და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდნენ.
მაგრამ ამერიკელები და ევროპელები, რომლებიც სააკაშვილისა და ბურჯანაძის გაერთიანებული ოპოზიციის ჭკუაზე დადიან, ისევე შორს არიან საქართველოსგან, როგორც მარსისგან! სხვაგვარად, თავს ასე არ შეირცხვენდნენ მთელი მსოფლიოს წინაშე და არ დაიცავდნენ სისხლისმსმელ ბანდიტ რურუას!
და რატომ არაფერს იღონებს ქართველი ხალხი?! დარეკეტებულები, დამცირებულები, მოკლულების ნათესავები?! ნუთუ ძნელია ყველა ერთად შეიჭრან სასამართლო დარბაზში და არამზადისთვის უვადო პატიმრობა მოითხოვონ?!
არა, ხალხი დუმს, რადგან ქონების, ჯანმრთელობის და დაღუპულთა უკან დაბრუნება შეუძლებელია. „რურუას დღეს-ხვალ გაათავისუფლებენ, სააკაშვილი შეიძლება დაბრუნდეს და აი მერე ყველას გაგვისწორდებიან!“, - ფიქრობს სამუდამოდ დაშინებული ხალხი...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 20 მაისი
საქართველო, თბილისი