საზოგადოება
გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წინანდალში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, პირველ რიგში, ტურიზმის სექტორს ეხება.

ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ და პირველ რიგში, ერთმნიშვნელოვნად, ეს ასე უნდა გაგრძელდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა ჯანმრთელობის თვალსაზრისით იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი. კახეთში ამის თქმა საამაყოა იმიტომ, რომ აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მაგრამ ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს და საცოდაობაა დღეს კახეთში, ასეთ დროს, ასეთ ამინდში და ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშაოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ეხება ტურიზმს. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ბევრი ვენახი, გაკეთდა ბევრი მარანი. ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის შესაძლებლობა იქნება.

მსგავსი კომპლექსები ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია წესების დაცვით გამოვაცხადოთ კოვიდისგან სუფთა ზონებად. ეს არ იქნება რთული მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი. მარტივ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს კოვიდის რისკებს. მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. მთავარია, რომ ერთდროულად, ჩვენ შევძლოთ ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა. მარტივია, სამყარო სხვანაირი იქნება. გადავივლით, ამაზეც გავიმარჯვებთ, დრო დაგვჭირდება, მსოფლიო იქნება ცოტა სხვანაირი, იქნება სულ სხვა გლობალური კონკურენცია. ეს კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამისთვის მომზადებულები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.