რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.05.2020)

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი.

ჩვენთან არს ღმერთი

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვედრილობისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას, რომ წყალობა მოეღო ჩვენს ქვეყანაზე. ახლა ერთად ვთქვათ ,,მოწყალებისა კარი განგვიღე”.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ.

დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაულიც. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს; სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია.

დღეს არის ხსენება წმინდისა მონიკასი. მონიკა იყო დედა ნეტარი ავგუსტინესი. ნეტარი ავგუსტინე ცხოვრობდა IV-V საუკუნეში და ეკუთვნოდა განათლებულ ოჯახს. დედა იყო ღრმად მორწმუნე, მაგრამ მამა ჰყავდა წარმართი. მათ შვილს, ავგუსტინეს, რომელსაც მისცეს დიდი ცოდნა და განათლება. დიდ ხანს ავგუსტინე სარწმუნოებით იყო სექტანტი, მანიქეველი (სექტა იყო მანიქეველთა, დუალიზმის საფუძველი ჰქონდა მას), მაგრამ დედა, მონიკა, ლოცულობდა და ტიროდა, ცრემლით ევედრებოდა უფალს, რომ ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა მისი შვილი.

ერთხელ მოესმა ნეტარ ავგუსტინეს ხმა, ბავშვის ხმა - „აიღე და იკითხე“.

აიღო სახარება, სამოციქულო და დაიწყო რომაელთა მიმართ ეპისტოლეს კითხვა. ამ დროს მადლი სულისა წმინდისა გარდამოვიდა მასზედ და ის გახდა უდიდესი ქრისტიანი, შემდეგ კი - ეპისკოპოსი ჰიპონიისა.

მის მოქცევაში დიდი მონაწილეობა მიიღო წმ. ამბროსი მედიოლანელმა. ამბროსი მედიოლანელი იყო ეპისკოპოსი მედიოლანისა, ეხლანდელი მილანისა. ამბროსი მედიოლანელის ლოცვით ნეტარი ავგუსტიინე გახდა უდიდესი მასწავლებელი და მქადაგებელი. მას აქვს დაწერილი ,,აღსარება”. თუ გექნებათ საშუალება, წაიკითხეთ ნეტარი ავგუსტინეს ,,აღსარება”. აქ იგი საოცრად აღიარებს თავის ცოდვებს, არ ერიდება არაფერს.

მონიკას ლოცვით, დედის ლოცვით, მეუღლეც გახდა ქრისტიანი.

მე ეს მაგალითი მოვიყვანე იმისათვის, რომ დღეს ურთულესი დროა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შესდგება ცოლისაგან, ქმრისა და შვილებისაგან. თავისი განსხვავებული ხასიათებით, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერია, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა. ხალხმა გაამთლიანა საქართველო. საქართველო გახდა ერთიანი.

თქვენ გახსოვთ, როცა მე მაკურთხეს პატრიარქად, 5-6 ადამიანი დადიოდა სიონის ტაძარში და ვფიქრობდი, რა გვეშველება-მეთქი. მათ ისიც არ იცოდნენ, სეფისკვერი რისთვის იყო. მე ადრე მოვდიოდი ჟამნობაზე, რომ წირვის წინ ვყოფილიყავი და უფასოდ, საჩუქრად მიმეცა სეფისკვერი. ხალხს უკვირდა, რად გვინდა ეს სეფისკვერიო? მერე დაინტერესდნენ და გაიგეს მისი მნიშვნელობა.

ახლა მთელი საქართველო ქრისტიანია, ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ აგვიშენა ეს წმინდა ტაძარი, წმინდა სამებამ განამტკიცა ქართველი ხალხი.

დღეს შემოვლა იქნება თბილისში ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატებთან ერთად და იქნება სხურება ნაკურთხი წყლისა. ეს განამტკიცებს ჩვენს ქვეყანას და ხალხს.

მინდა მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა, ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი.

დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!

ჩვენთან არს ღმერთი!