რელიგია
ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, ღმერთი მოგვცემს მადლსა და ძალას

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ჩვენ ვცხოვრობთ ამქვეყნად და ხშირად ვერ ვგრძნობთ, ვერ ვხედავთ იმას, რა არის მიზანი ჩვენი ცხოვრებისა, რას ვაკეთებთ. ზოგი ცხოვრობს თავისთვის, ზოგი ცხოვრობს სხვებისთვის, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

პატრიარქის თქმით, ცოტაა ადამიანი, რომელიც სხვისთვის ცხოვრობს.

ამასთან, ილია მეორემ აფხაზეთის მიტროპოლიტობის პერიოდი გაიხსენა.

ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის. მინახავს ასეთი ადამიანები, მაგრამ ცოტაა. ადამიანი მაინც თავის თავზე ფიქრობს. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს – „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”. ადამიანის ცხოვრება იმდენად რთულია, რომ ვერ გაიგებ, როდის ცხოვრობ შენთვის და როდის სხვისთვის.

პატრიარქობამდე თქვენ იცით, აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი. უდაბნოში, აფხაზეთის უდაბნოში ცხოვრობდა ორი მონაზონი, იქ ბევრი ცხოვრობდა, მაგრამ ესენი ერთად იყვნენ. მე მიამბობდნენ – კოჭლობით დათვი მოდის ჩვენსკენო, შევედით კელიაში, შეგვეშინდაო, მოვიდა და გვაჩვენებს ფეხსო, თურმე პატარა რკინა შერჭობია და ვერ იღებსო. ჩვენ პატარაზე გავაღეთ კარი და გაზით ამოვიღეთ ეს ლურსმანიო. წავიდაო და ერთი ორი საათის შემდეგ მოაქვს სიმინდის ფუჩეჩი, გლეხების ბოსტონში გადასულა, მოუკრიფავს და მოუტანა ამ მონაზვნებს. ასე დამეგობრდნენ ეს დათვი და მონაზვნები. ძირითადად ბერძნები ცხოვრობდნენ იქ. ერთმა ბერძენმა მოკლა, არ იცოდა ალბათ, რომ ის მოშინაურებული იყო. საოცარი ცხოვრება ჰქონდათ ამ ბერებს უდაბნოში.

ერთი მონაზონი იყო, დედა ნატალია. მე ვეკითხები, რომ დედა ნატალია, როგორ ხარ? მე ვარ დედოფალიო, უდაბნოს დედოფალიო, გამოუთხრია მიწა იქ შემძვრალა და ის იყო მისი სასახლე, თავი მიაჩნდა დედოფლად. აი, ამაზე ბევრი მიფიქრია და მინდა, რომ თქვენც იფიქროთ, რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა, როდის არის ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი და როდის არ არის“, - აღნიშნა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა განაცხადა, ადამიანებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ გულში უფალი შევიდეს. ილია მეორის თქმით, ეს ძალიან ძნელი, მაგრამ მისაღწევია.

ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ყველაფერი გააჩნია, მაგრამ მდიდარი არ არის ბედნიერი, აი ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ გაგიტყდებათ გული, ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის, ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულის ექნება. ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა“,- აღნიშნა ილია მეორემ.