აქტუალური
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ოპოზიციას არჩევნების ჩატარება არ აწყობს - გია ვოლსკი

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციას არჩევნების ჩატარება არ აწყობს და მათი ერთადერთი გზა, სადაც შეიძლება, რამე სახის წარმატებას მიაღწიონ, არის დესტრუქცია.

ვოლსკის თქმით, საქართველოში არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ვერავინ მიუთითებს, როგორ იმოქმედოს.

არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ. არსებობს გარკვეული პროცედურა, რაც ითვალისწინებს სასჯელის განმტკიცებას კონკრეტული პიროვნებების მიმართ. შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური სტრუქტურა არ არსებობს ამ ქვეყანაში, არც სამთავრობო, არც საპარლამენტო, არც პარტიული, რომელიც მიუთითებს, როგორ უნდა იმოქმედოს, კონკრეტულ შემთხვევაში არც არსებობს რამე სამართლებრივი მექანიზმი, ისეთი რევერსი გააკეთო, როგორსაც მოგვიწოდებენ. ანუ, აქ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილო ადამიანი, მაგალითად „რუსთავი 2“-ის თემა გავიხსენოთ, მიმართავს სტრასბურგს და უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლო სტრუქტურა იღებს გადაწყვეტილებას. სხვა მექანიზმი არ არსებობს. მოთხოვნა, რომ პარტიულმა, საპარლამენტო ან სამთავრობო სტრუქტურამ მიუთითოს სასამართლოს, როგორ მოიქცეს და ან იუსტიციის სამინისტროს, რომ საკნის კარი გააღოს და გამოუშვას პიროვნებები, არ არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა, საკითხი დეტალურად უნდა შეისწავლოს და შემდეგ გააკეთოს ამა თუ იმ შინაარსის განცხადება.

ნებისმიერმა ადამიანმა, ჩვენმა ოპონენტმა თუ მხარდამჭერმა, საქმე უნდა შეისწავლოს დეტალურად და შემდეგ გადაწყვიტოს, რა შინაარსის განცხადება გააკეთოს. ეს არის მოცემულობა, რაშიც დღეს ვცხოვრობთ. სხვა მოცემულობა სამწუხაროდ, არ არსებობს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციას არ აწყობს არჩევნების ჩატარება და დესტრუქცია არის მათი ერთადერთი გზა, სადაც შეიძლება, რამე წარმატებას მიაღწიონ. არ მგონია, ახლა ვითარების პროგნოზი იყოს საჭირო, მაგრამ არაფერია სასიამოვნო იმაში, რასაც ამბობენ“, – აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს, ვის რა პოზიცია უკავია და ვინ როგორ ფიქრობს ქვეყანაზე.