უცხოეთი
უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოს ელჩი უკრაინიდან კი არ გაიწვიეს, კონსულტაციებისთვის დაიბარეს - ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისთვის

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან კი არ გაიწვიეს, არამედ დედაქალაქში კონსულტაციებისთვის დაიბარეს, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ეს არ არის ყოველდღიური, თუმცა არის ჩვეულებრივი პრაქტიკა დიპლომატიურ სფეროში. როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ორი მეგობრული ქვეყნის ურთიერთობისთვის საქართველოს ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ.

„ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისთვის. ჩვენ ბევრი გადაკვეთის წერტილი და საერთო გამოწვევა გვაქვს.

ამავდროულად, ეპიდემიის გადალახვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია ყველას საერთო ამოცანაა. ეს გამოწვევა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საჭიროებს ახალ მიდგომებსა და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, აქვს დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მიღწევები რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომელიც ფართოდაა აღიარებული მსოფლიოში.

ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტიონერს, გაითვალისწინონ წარმოდგენილი არგუმენტები და არ გახადონ ორმხრივი ურთიერთობები დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.

უკრაინა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენი ხალხის ნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ყველა მხრივ განვავითაროთ.“- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

interpressnews.ge