სამართალი
ტრაილერების მძღოლებმა ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, საპროტესტო აქცია გამართეს

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ტრაილერების მძღოლები, რომლებსაც თურქეთიდან ტვირთები შემოაქვთ, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნას, კონკრეტულად კი, გადაადგილების, ასევე საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის გაფორმებისთვის გათვალისწინებული დროის გახანგრძლივებას ითხოვენ. ბათუმში, ადლიის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან მძროლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 72 საათის განმავლობაში უნდა მოასწრონ ყველა პროცედურის გავლა, თურქეთში გადასვლა, დატვირთვა, დაბრუნება და სხვა პროცედურები, წინააღმდეგ შემთხვევაში სოლიდურად ჯარიმდებიან როგორც თურქეთის ასევე საქართველოს ტერიტორიაზე. მძღოლები ირწმუნებიან, რომ ეს დრო საკმარისი არ არის და 72 საათში პრაქტიკულად შეუძლებელია, დიდი მანძილის გავლასთან ერთად, პროდუქტით დატვირთვა და სხვა პროცედურების გავლა.

ტრაილერების მძღოლები ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ მათი პრობლემები არ მოგვარდება მძღოლები გზების გადაკეტვას გეგმავენ.