პოლიტიკა
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას არავითარი საფრთხე არ შეექმნება - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ერთი თვითაც რომ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ამ შემთხვევაშიც, ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ სათანადო დროში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, არავითარი საფრთხე არ შეექმნება 31 ოქტომბრის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას. დრო ყველაფრისთვის საკმარისია - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე სამი კვირაა დარჩენილი. სწორედ მოვლენების განვითარებით განისაზღვრება ქვეყანაში გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა.

გამორიცხული არ არის, რომ შეიძლება საჭირო გახდეს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ მოცემულობის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გვექნება 22 მაისისთვის. ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და ვნახავთ, საჭირო იქნება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. თუ არ გახდება საჭირო, ამ შემთხვევაში, ივნისის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ესწრება. თუ ვადის გაგრძელება გახდა საჭირო მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ივლისში დასრულდება და ესეც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჩვენ სათანადოდ დავიწყოთ საარჩევენო კამპანია და 31 ოქტომბერს ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​