პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ და "სექტორი 3"-ის ხელმძღვანელმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისში მყოფ სტუდენტებს საკვები და პირველადი საჭიროების საშუალებები გადასცეს

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე გრძელდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული და თბილისში მცხოვრები სტუდენტები პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სექტორი 3"-ის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ მოინახულეს, გაეცნენ მათ საჭიროებებს ადგილზე და საკვები და პირველადი საჭიროების საშუალებების მარაგი გადასცეს. სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ.

პირველადი საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი ასევე დაურიგდებათ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირების, პროგრამების შემუშავების და გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.