აქტუალური
ახალი შემობრუნება ჯაშუშურ ისტორიაში - News Front პროსამთავრობოც აღმოჩნდა!

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საქინფორმი სპეციალურად აგრძელებს, ცვლილებების გარეშე, ISFED-ის „მამხილებელი“ ინფორმაციის გამოქვეყნებას საინფორმაციო სააგენტო NEWS FRONT-ის შესახებ, რომელსაც წაუშალეს ყველა Facebook-ანგარიში. გასაკვირი არც არის, ”საერთაშორისო საზოგადოებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის” ხომ მხოლოდ ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა სინამდვილეში ეს არის დასავლეთის სპეცსამსახურების ქვედანაყოფი, რომელიც ფეისბუქს კურირებს. ინფორმაცია, რომელსაც მკითხველი ქვემოთ გაეცნობას, ​​უტიფარი სიცრუეა, რომლის ავტორებს თავიც არ შეუწუხებიათ, რომ სარწმუნოობისათვის მაინც ჩაემატებინათ რამდენიმე ნამდვილი ფაქტი! გვარები და გარემოებები იმდენად არ უკავშირდება ერთმანეთს, რომ კომენტარსაც არ საჭიროებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) Facebook-ის მიერ კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოს – News-Front Georgia-ს გვერდისა და მასთან დაკავშირებული 12 ანგარიშის წაშლის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, აცხადებს, რომ „News-Front“-ის „არაავთენტური“ ანგარიშები წარსულში საპენსიო სააგენტოსა და ცესკო-ს მხარდამჭერ „ორგანიზებულ“ კამპანიებში იყვნენ ჩართულები.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, News-Front Georgia კრემლისტური საინფორმაციო სააგენტო News-front-ის გლობალური ქსელის ნაწილია, რომლის ოფიციალურ ვებგვერდზე საკონტაქტო მისამართად ყირიმი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიად არის მითითებული. ამავე ინფორმაციით, „News-Front“-ი რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს „როსკომნადზორის“ 2015 წლის ბრძანებით არის დაარსებული.

„სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, „News-Front“-თან დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ასაკის, სქესისა და დემოგრაფიული მონაცემების მქონე პირების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, რაც მათ ყალბ ინტერაქციას ბუნებრივ ელფერს აძლევდა. ამასთან, ისინი, დროის ერთსა და იმავე ინტერვალში ერთი და იმავე შინაარსის ფოტო და ვიდეო პოსტებს აქვეყნებდნენ, მათი დემოგრაფიული დივერსიფიცირების „მაღალი ხარისხი“ კი მომხმარებლისთვის მათ ორგანიზებულ აქტივობას შეუმჩნეველს ტოვებდა.

4 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში „News-Front“-ის „არაავთენტური“ ანგარიშების „ცესკო“-ს სასარგებლოდ „ორგანიზებული“ საინფორმაციო კამპანიის გამოყენების კონტექსტში „სამართლიანი არჩევნები“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიუთითებს.

„სამართლიანი არჩევნები“ განმარტავს, რომ ამ გვერდების მეშვეობით სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, მათ შორის, „სამართლიან არჩევნებზე“ ერთგვარი ორგანიზებული „საინფორმაციო იერიში“ მიმდირეობდა და მათ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან „მიტმასნებას“ ცდილობდნენ. ამასთან, ისინი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის „დადებით კონტექსტში“ წარმოაჩენდნენ.

„სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, „ორგანიზებული კამპანიის“ ფარგლებში, „News-Front“-თან დაკავშირებული „არაავთენტური ანგარიშები“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ცრუ მედიების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე შერჩევითად, ორგანიზებულად და კოორდინირებულად ახდენდნენ კომენტარების სიმულირებას“.

„სამართლიან არჩევნებში“ ასევე განმარტავენ, რომ „ეს საინფორმაციო ოპერაცია ძირითადად პროსახელისუფლებო ექსპერტების – გია აბაშიძისა და ზაალ ანჯაფარიძის – მოსაზრებების გამოყენებით ხორციელდებოდა“.

ორგანიზაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ 2018 წლის საპრეზიდნტო არჩევნების დროს, გია აბაშიძისა და ზაალ ანჯაფარიძის იმ მოსაზრებების ონლაინ მედიაში გავრცელებისთვის, რომლებიც „კოორდინირებულ ცრუ მედიის გვერდებზე“ ქვეყნდებოდა, ცესკო-მ „ფინანსური სახსრები გაიღო“.

„სამართლიან არჩევნებში“ იმასაც მიუთითებენ, რომ „News-Front“-ის არაავთენტური ანგარიშები „ცესკო-ს მიერ მედიაში შეკვეთილ სტატიებს, სხვადასხვა ჯგუფებშიც ავრცელებდნენ, რასაც თან ერთვოდა ცესკო-ს მიმართ პოზიტიური და ანტიოპოზიციური გზავნილები“.

„სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, „არაავთენტური ანგარიშების“ ორგანიზებული „არაავთენტური ქცევა“ 2019 წლის მაის-აგვისტოში საპენსიო სააგენტოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე საპენსიო რეფორმის მხარდასაჭერი კამპანიის გზით გაგრძელდა.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს ანგარიშები საპენსიო სააგენტოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ყველა პოსტის კომენტარებში იმ მომხმარებლებთან, რომლებიც „გულწრფელ კითხვებს სვამდნენ“ ან დაგროვებით საპენსიო რეფორმას სკეპტიკურად აფასებდნენ, „ხელოვნურ ინტერაქციაში შედიოდნენ“. ამასთან, ისინი საპენსიო რეფორმის მხარდამჭერ მოწოდებებს ინტენსიურად ავრცელებდნენ და „ამ განზრახვით“ Facebook-ის სხვადასხვა გვერდსა თუ ჯგუფში აქტიურობდნენ.

ამ სქემით, ქსელის ერთი არაავთენტური ანგარიში სვამს კითხვას საპენსიო რეფორმის შესახებ, ხოლო დანარჩენები მრავალრიცხოვანი კომენტარებით ცდილობენ „დაარწმუნონ“ საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაში. საგულისხმოა, რომ ისინი ხშირად კრიტიკულ ან უნდობლობის გამომხატველ კომენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ ან ზოგადად ოპოზიციის „ტროლ/ბოტებად“ რაცხავდნენ“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნები“ ცესკო-სა და საპენსიო სააგენტოს მხარდამჭერ ფართომასშტაბიან „არაავთენტურ“ სოციალურ ინტერაქციას საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოქმედ ხელმძღვანელთან მაგდა კოტრიკაძესთან აკავშირებს და განმარტავს, რომ იგი „თავის მხრივ დაკავშირებულია დასახელებულ ცრუ მედიის გვერდებთან“. ორგანიზაციისვე ინფორმაციით, ამ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებს შორის მაგდა კოტრიკაძისა და საპენსიო სააგანეტოს ყოფილი დირექტორის ლევან სურგულაძის ფოტოები და მოსაზრებებიც არის განთავსებული.

„მაგდა კოტრიკაძის „ფეისბუქზე“ აქტივობებიდან ირკვევა, რომ ის მეგობრულ ურთიერთობაშია ამ გვერდებზე რეკლამირებულ პრო-სახელისუფლებო ექსპერტებთან, გია აბაშიძესთან და ზაალ ანჯაფარიძესთან“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ მაგდა კოტრიკაძის სახელი ცესკოსთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2017 წლიდან დღემდე 6-ჯერ დაფინანსებულ ორგანიზაციას – „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრსაც“ უკავშირდება, „რომლის აქტივობები ცრუ მედიის გვერდებზე ინტენსიურად ქვეყნდება“.