სამართალი
ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

 საქართველო, 17 აპრილი. საქინფორმი. კორონავირუსით ინფიცირებული 30 ახალი შემთხვევიდან რვა ბოლნისის მცხოვრებია.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მათგან ხუთი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფიცირებული წარმომადგენლების ოჯახის წევრები არიან.

ბოლნისში რვა დადასტურებული ფაქტია. აქედან ხუთი არის „სასწრაფო დახმარების“ პერსონალის ოჯახის წევრი. დანარჩენი სამიდან ერთი „სასწრაფო დახმარების“ ექიმია და ორი კი მედდა. გუშინ სიმპტომების მქონე 34 ადამიანისგან აიღეს საკვლევი მასალა. მათგან დადასტურებულია რვა შემთხვევა. ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 50 დადასტურებული ფაქტია, რვა გამოჯანმრთელებული და ერთი გარდაცვლილი“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სოფელ სავანეთში კარანტინის მკაცრი რეჟიმი ამოქმედდა.

ამ საკითხს ეპიდემიოლოგებთან განვიხილავთ. ველოდებით პასუხს. უკვე გამკაცრებულია თვითიზოლაცია ქალაქის მასშტაბით, მაგრამ დამატებით რა ღონისძიებები იქნება გატარებული, მოგვიანებით გეტყვით. ამ წუთისთვის თვითმმართველობის თანამშრომლები არ არიან ინფიცირებული“, – აცხადებს ქვემო ქართლის გუბერნატორი.

მარნეული და ბოლნისი საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტები აღმოჩნდა, სადაც კარანტინი გამოცხადდა. ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.