სამართალი
ლაშა თორდია: „თუ ტუღუშის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება, შესაბამისი პირების გადაყენების საკითხი დადგება“

lasha_tordiaროგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების შემოწმებას და მათზე სათანადო რეაგირებას გეგმავს. დეპუტატის განმარტებით, სახალხო დამცველის ანგარიშში არაერთ მძიმე საკითხზეა საუბარი და ბუნებრივია, მათ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ჩვენი კომიტეტი ყველა შესაბამისი სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებს დაიბარებს და ფაქტებს გადაამოწმებს. იმ შემთხვევაში კი, თუ გიორგი ტუღუშის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება, შესაბამისი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება“, – განაცხადა თორდიამ.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი ანგარიშს დეტალურად გაეცნობა, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კი მის განხილვას დაიწყებს.