უცხოეთი
აშშ-ის ხელისუფლება ჯანმოს დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის საკითხს ამ კვირის ბოლოს მიიღებს

 საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის საკითხს ამ კვირის ბოლოს მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ საკითხს ძალიან მალე განვიხილავთ. გვექნება მოხსენება. არ ვარ კმაყოფილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციით. ასევე არ ვარ კმაყოფილი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციით. ჩვენ ყველანი გვძარცვავდნენ წლების განმავლობაში. ამ კვირის ბოლოს გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

10 აპრილს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლეს დღეებში აშშ-ის მთავრობა განცხადებას გააკეთებს ჯანმოში შენატანების გაკეთებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ჯანმოს ქმედებები კორონავირუსის პანდემიის დროს.

7 აპრილს დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ ჯანმო ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, არასწორი იყო.

imedinews.ge