რედაქტორისგან
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში უნდა შეიქმნას სიბრძნის წიგნი - არნო ხიდირბეგიშვილი ილია მეორეს მიმართავს

    საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის მიმართვა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს 

      თქვენო უწმინდესობავ!

   რაკიღა მაქვს დიდი პატივი, თქვენ მიერ არაერთგზის ვყოფილიყავი მიღებული საპატრიარქო რეზიდენციაში, ვუფრთხილდები რა თქვენს ძვირფას დროს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მოლოდინში და პირდაპირ გადავალ ჩემი თხოვნის არსზე.

      თქვენო უწმინდესობავ

   პანდემიის დაწყებამდე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენი საკვირაო ქადაგებები სავსე იყო წუხილით საქართველოსა და მთელი კაცობრიობის მომავლის ბედის გამო: თქვენ აფრთხილებდით ღვთის 10 მცნებაში მითითებული ცოდვების დაკანონების დაუშვებლობის შესახებ. მშობლებისა და მოყვასის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების შესახებ; თქვენ სთხოვდით ქართველ ემიგრანტებს შეეწყვიტათ ხანდაზმული უცხოელების მომსახურება და სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ; თქვენ გვთხოვდით, შეგვენარჩუნებინა ტრადიციები, სიყვარული, რწმენა და მოკრძალება და ფრთხილად მოვკიდებოდით გლობალიზაციის ”სიკეთეებს”, ხოლო ჩინეთში ახალი ვირუსის მოულოდნელი აფეთქების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, თქვენ გაგვაფრთხილეთ, მეორე მოსვლისთვის მომზადების აუცილებლობის შესახებ, რომლამდეც „შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა”.

   სამწუხაროდ, ქართველმა ერმა სათანადოდ არ შეისმინა თავისი სულიერი მამის სიტყვები, ხოლო დასავლური სტანდარტები, როგორც მოსალოდნელი იყო, უძლური აღმოჩნდა ახალი გამოწვევების წინაშე, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თქვენი სიტყვების სიბრძნე.

აღმოჩნდა, რომ უცხო ღირებულებები და თუნდაც დემოკრატია არ შეიძლება იყოს ყველასთვის უნივერსალური, რაც დღეს გვაიძულებს, დავიწყოთ მომავლისკენ მიმავალი ჩვენი საკუთარი - უნიკალური ქართული გზის ძიება.

      თქვენო უწმინდესობავ!

   საქართველოს ოქროს ფონდი არის მისი შვილები,  ანალიტიკური აზროვნებისა და ინტუიციის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული პატრიოტები, რაც თქვენ ახსენეთ გასული წლის ქადაგებაში სამების საკათედრო ტაძარში. ისინი ცოტანი არიან - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დამსახურებულად დაფასებული მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, ყველა დარგის პროფესიონალები, რომელთა თითოეულ სიტყვასა და მაღალ ინტელექტს ქართველი ხალხი დიდ პატივს სცემს. ასევე არიან ქართველი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი არაჩვეულებრივი პიროვნებები, მათ შორის - სასულიერო პირები.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთავაზობსაპატრიარქოში ფოლიანტის შექმნას, რომელშიც თითოეული მათგანი შეავსებს გვერდს ერთიანი და სუვერენული ქართული სახელმწიფოს გადარჩენისდა აყვავების გზების შესახებ საკუთარი ხედვის აღწერით.

   ფოლიანტი, რომელსაც პირობითად ვუწოდებ "სიბრძნის წიგნს", უნდა შეიქმნას თქვენი კურთხევით და იწყებოდეს თქვენი ჩანაწერით, რომელშიც თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლეგენდარული წინამძღოლი, გვიჩვენებთ ტაძრისაკენ მიმავალ ილიას გზას.

   გთავაზობთ სიბრძნის წიგნის“ შექმნა დაევალოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, რომელიც მიხედავს ხელნაწერთა მიღებისა და განხილვის პროცედურას.

      თქვენო უწმინდესობავ!

   ვფიქრობ, რომ სიბრძნის წიგნი” უნდა შეიქმნას არამარტო დღევანდელი თაობების და გზასაცდენილთათვის რჩევა-დარიგების მიზნით, არამედ როგორც გაფრთხილება შთამომავლებისთვის, ამიტომ, ქართული მიწის საუკეთესო  შვილების ზოგიერთ რეკომენდაციას, შესაძლოა, დღეს არ ჰქონდეს სახელმძღვანელო მნიშვნელობა და მიუღებლადაც კი გამოიყურებოდეს, მაგრამ მომავალში მოთხოვნადი გახდეს.

   დაე თქვენი შეხედულებისამებრ გადაწყდეს სიბრძნის წიგნიდან ჩანაწერების გამოქვეყნების მიზანშეწონილობის საკითხი, ან მასზე ხელი მხოლოდ ქვეყნის მბრძანებლებს მიუწვდებოდეს.

    უღრმესი პატივისცემითდა სასოებით -
 თქვენი მუხლმოდრეკილი სულიერი შვილი
არნო ხიდირბეგიშვილი

საქართველო, თბილისი
2020 წლის 10 აპრილი