პოლიტიკა
საქართველო–რუსეთის საზღვარზე საველე ჰოსპიტალი გაშალეს

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველო–რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საველე ჰოსპიტალი დაამონტაჟეს, განაცხადა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

სპეციალისტები შეამოწმებენ ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინც საზღვარს გადმოკვეთს. თუ ადამიანს ექნება მომატებული ტემპერატურა ან სხვა სიმპტომი, რაც კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებაზე მეტყველებს, ის საველე ჰოსპიტალში განთავსდება. პაციენტს შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

საქართველომ საზღვარი რუსეთთან 16 მარტს დაკეტა. გამონაკლისის სახით, ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან, ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლებს. ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 48, გარდაიცვალა – სამი.