საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხარების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას იმიტომ არ დაესწრო, რომ მას არტერიული წნევა ჩვეულზე ცოტა მაღალი ჰქონდა, განაცხადა მისმა პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ.
7 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც ერთ-ერთია 12 ძირითად მართლმადიდებლურ დღესასწაულთა შორის.
„რადგან წინ საეკლესიო მსახურებით დატვირთული დღეებია, ამიტომ ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ დღეს მას დაესვენა. საპატრიარქოში დილით, 7 საათზე მსახურებას უწმინდესი დაესწრო, გუშინ საღამოს ლოცვაზეც ბრძანდებოდა“, – განაცხადა პატრიარქის ექიმმა.
სამების საპატრიარქო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა. წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა მღვდელმთავრებთან ერთად.
მეუფემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.
ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი ამოქმედდა. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათიც მოქმედებს.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ღვთისმსახურება, სასურველია, მრევლის გარეშე ჩატარდეს, თუმცა, მიუხედავად ამ რეკომენდაციებისა და სპეციალისტების მოწოდებისა, რომ მრევლმა სახლში ილოცოს, მორწმუნეები ეკლესიებში მაინც განაგრძობენ სიარულს.