სამართალი
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 5 აპრილისთვის

 საქართველო, 6 პრილი, საქინფორმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 31 მარტიდან ამოქმედდა კარანტინის რეჟიმი, ასევე საკომენდანტო საათი.

რა უნდა ვიცოდეთ საყოველთაო კარანტინის რეჟიმის შესახებ:

კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე;

იკეტება მსხვილი ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე. შესასვლელებში მოეწყობა საკონტროლო-გამშვები პუნქტები, შესაძლებელია გადაადგილება პირადი ტრანსპორტით – საპასპორტო და სამედიცინო შემოწმების შემდეგ;

მუშაობას წყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, თბილისში გაჩერდა მეტრო;

დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება არაუმეტეს სამი ადამიანი, მათ შორის ორი – უკანა სავარძელზე;

იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს ორმეტრიანი სოციალური დისტანცია;

ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში;

სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. ხელისუფლება ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის გავრცელება და სოციალური იზოლაციის ხელშეწყობისათვის პერიოდულად ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს. სოციალურ ქსელებში აქტიურია მოძრაობა „დარჩი სახლში“.

ქვეყანაში, გარდა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, გაუქმებულია საქალაქთაშორისო ავტობუსებით და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა, ასევე შიდა ავიარეისები.

მანამდე მკაცრი კარანტინის რეჟიმი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაწესდა.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 170 ადამიანს შეადგენს, აქედან 36 გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება. ახლა მთავარი ამოცანაა – არ მოხდეს მასობრივი გავრცელება. ამისათვის საჭიროა სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააფრთხილა მოსახლეობა – მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა შეიძლება გეომეტრიული პროგრესიით მოხდეს – ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემა დაიწყო.

სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 5067, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330 ადამიანია.

Sputnik-Georgia