საზოგადოება
ჩვენ ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან - გახარია

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. როდესაც საქმე ეხება მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მთავრობა იპოვის კომპრომისს ეკლესიასთან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე.

გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობისთვისაც და ეკლესიისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი ფასეულობაა.

პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედებს მთავრობა მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.

ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან. რადგან მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, კომუნიკაცია იყო ეკლესიასთან და ეს კომუნიკაცია გაგრძელდება. ამ კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემით აღჭურვა, რათა მრევლმა გარეთ ყოფნა შეძლოს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 კაცს მიაღწია.