პუბლიკაციები
გელა ნიკოლაიშვილი: დამოუკიდებელ საქართველოში პატიმრების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა
nikoleishviliქართველი ერის სამწუხაროდ, რაც წლები გადის, ჩვენი სახელმწიფო თანდათან უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს. აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის” წევრი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი:
- ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი ცვლილება განხორციელდა - ბევრი რამ შევიძინეთ, ბევრიც - დავკარგეთ. დავკარგეთ ტერიტორიები, თუმცა იყო პოზიტივიც - საზოგადოება ოცი წლის წინათ თავში ჩაბეჭდილ ილუზიებს, დასავლეთის უმანკოების თაობაზე, გამოემშვიდობა.
სუვერენიტეტის მოპოვების შემდეგაც კი იმ დროის ხელისუფლების წყარო კვლავ რუსეთი იყო, მაგრამ რუსეთის დასუსტების შემდეგ საქართველოში უკვე ამერიკული მხარდაჭერით ხელისუფლების შეცვლა და მისი შენარჩუნების ეტაპი დაიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევარდნაძე ამ ორ ძალას შორის  ბალანსირების პოლიტიკას ახორციელებდა. მაგრამ მოგვიანებით მის წიაღში არსებულმა ძალებმა, შემდგომში სააკაშვილის ხელისუფლებამ, ამერიკის შეერთებული შტატები დაარწმუნა, რომ ისინი უკეთ მოემსახურებოდნენ მათ ინტერესებს, არ დაიცავდნენ ბალანსირების პოლიტიკას და, რაც მთავარია, ამას გააკეთებდნენ შეფარვით - თითქოს ისინი, უბრალოდ, იმ დემოკრატიულ ღირებულებებს დაიცავდნენ, რაზეც ამერიკა დგას. მართლაც, ამერიკა ჯერ ხელისუფლების “შეცვლაში” დაეხმარა სააკაშვილის გუნდს, შემდეგ კი - მის შენარჩუნებაში. საზოგადოებასაც სწორედ ამერიკასთან სიახლოვემ დაუმსხვრია ოცი წლის წინანდელი ოცნება ამერიკაზე. ამის მაგალითია განსაკუთრებით 2005-2007 წლებში იმ რეპრესიული მანქანის ამოქმედება, რომელსაც ამერიკული ხელწერა ჰქონდა. მას შემდეგ ყოველდღიური ხასიათი მიიღო უსამართლობამ, კერძო საკუთრების წართმევამ და ა.შ. ამ ფონზე კი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბუში სააკაშვილს “დემოკრატიის შუქურას” უწოდებდა.
რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველო უცხოური დახმარებების წყალობით არსებობს. არადა, მოგეხსენებათ, ქვეყანა, რომლის ეკონომიკასაც თვითკმარობის უნარი არ შესწევს, ყოველთვის დიდი რისკის ქვეშაა. მაგრამ, როცა უცხოური გრანტები და კრედიტები შემოგველევა და პროცენტების გადახდის დრო დადგება, ქვეყანა, შესაძლოა, ბანკროტად გამოცხადდეს.
რაც შეეხება სხვადასხვა სფეროს - კულტურას, ხელოვნებას, სპორტს - ამ კუთხითაც არაერთი ნაბიჯი უკან გადავდგით, რადგან ახლა მთელი ძალისხმევა ძალაუფლების შენარჩუნებაზე გადავიდა და არა - რეალური იდეების შეთავაზებასა და ადამიანთა უფლებების დაცვაზე. 
- გამოდის, რომ ჩვენ ვერ ვამართლებთ სუვერენული სახელმწიფოს სტატუსს?
- სუვერენული, ანუ დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიძლება იყოს დიქტატორულიც და დემოკრატიულიც. მაგალითად, იგივე ლიბია სუვერენული სახელმწიფოა, გარედან არავისგან იმართება, მაგრამ დიქტატო­რულია და, იქ როგორაა დაცული მოქალაქეების უფლება, ეს ცალკე თემაა. 
ჩვენი სახელმწიფოც დიქტატორულია, მიუხედავად იმისა, რაც უნდა დემოკრატიულად წარმოაჩინოს თავი დღევანდელმა ხელისუფლებამ. 
- ადამიანის უფლებები რამდენად იყო დაცული 20 წლის წინათ და რა ხდება ამ კუთხით დღეს?
- ასე ერთმნიშვნელოვნად შედარება, მართალი გითხრათ, ძნელია, თუმცა კომუნისტების პერიოდში სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებები უფრო დაცული იყო, ვიდრე დღეს, რადგან ყველაფერი სახელმწიფოს ხელში იყო, არ იყიდებოდა ობიექტები, უფასო იყო ჯანდაცვა, განათლება, დასვენება; ასაკოვანი ადამიანები უზრუნველყოფილი იყვნენ პენსიებით, ყველას ჰქონდა სამსახური, ნორმალური ხელფა­სებით დღეს კი ეს ყველაფერი მოსახლეობის უდიდესი  გადაუჭრელი პრობლემაა. 
- დღეს არსებულ სამოქალაქო უფლებებს როგორ შეაფასებდით იმ წლებთან შედარებით?
- სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს რაც შეეხება, არჩევანის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, წინა წლებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაშია. მაგრამ აქ თავისუფლება კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ რამდენად ფასობს ეს თავისუფალი სიტყვა და რა ძალა აქვს მას. “ძაღლი ყეფს ქარავანი მიდისო,” - ისეა ამათი საქმე.
- ბატონო გელა, რამდენად დაცული იყო პატიმრების უფლებები  სუვერენიტეტის მოპოვებამდე და მის შემდგომ?
- იმ წლებთან შედარებით, კატასტროფული უკუსვლა ფიქსირდება. თითქოს ფასადურად რაღაც-რაღაცები დაიხვეწა და წინ წავიდა, მაგრამ რეალობა მაინც არასახარბიელოა. დღეს “დამოუკიდებელ და დემოკრატიულ” საპატიმროებში პატიმრების რაოდენობა ოთხჯერ მაინც გაიზარდა (ვიდრე ეს მანამდე იყო) - 6-7 ათასიდან 25-27 ათასამდე. ამასთან, მათ მიმართ დამოკიდებულებაც უარყოფი­თად შეიცვალა.
- რამ გამოიწვია დღევანდელი სავალალო შედეგი და კონკრეტულად რა დამოკიდებულების შეცვლაზე საუბრობთ?
- პატიმართა ასეთი სიჭარბე საქართველოში ამ ხელისუფლების მიერ გატარებულმა და დამკვიდრებულმა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ გამოიწვა. 
მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, გაუქმდა, დამოუკიდებელი სასამარლოს ნიშნებიც კი აღარ არსებობს; ნებისმიერი საქმის განხილვისას მოსამართლეს ის განაჩენი გამოაქვს, რასაც პროკურატურა უბრძანებს. აქედან გამომდინარე, იმ წლებთან შედარებით, ძალიან ადვილია ადამიანის დაპატიმრება და მისთვის ნებისმიერი არაადეკვატური სასჯელის შეფარდება. აქედან გამომდინარე, გახშირდა პატიმართა მიმართ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა.  შედეგად კი კატასტროფულად გაიზარდა როგორც დაავადებულ, ისე გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა.
გარდა ამისა, თუკი კომუნისტების დროს მაქსიმალური სასჯელი 15 წელი იყო, დღეს 30-40 წელია. ამან კი პატიმართა ტერორი გააძლიერა. თუ ადრე ყველაფერი ღია იყო - ტარდებოდა მონიტორინგი,  პრესას, ტელევიზიას, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებებს თავისუფლად შეეძლოთ, თვალი ედევნებინათ, თუ როგორ ეპყრობოდნენ საპატიმროებში ადამიანებს, დღეს ყველაფერი დახურულია ხელისუფალთა და მათი ქვეშევრდომების  მეცადინეობით; ასიდან ერთი შემთხვევა თუ გახდება საჯაროდ განხილვის საგანი. ძალადობის შედეგად პატიმრის  გარდაცვალების შემთხვევაში,  მიზეზად მის ავადმყოფობას ასახე­ლებენ, მიცვალებულს კი, ცხადია, ვერაფერს გამოჰკითხავს კაცი. ასე რომ, გზა ხსნილი აქვთ - რაც უნდათ, იმას მიაწერენ პატიმრის სიკვდილს. 
არის შემთხვევები, როცა საეჭვო ვითარების გამო სიკვდილის პირას მყოფი პატიმრები გარდაცვალებამდე არა მხოლოდ ციხის საავადმყოფოებში გადაჰყავთ, არამედ - ქალაქის საავადმყოფოებშიც. მეტიც, როცა უკვე პატიმარს სააქაო პირი აღარ უჩანს, გარდაცვალებამდე ერთი ან ორი დღით ადრე ათავისუფლებენ კიდეც - გარდაცლილი პატიმარი მათ რომ არ დაეწეროს. თქვენ წარმოიდგინეთ, ძალადობის  მსხვერ­პლთა რაოდენობამ, როგორც არასდროს, უკვე ასს გადააჭარბა. სამწუხაროდ, სიტუაციიდან გამომდინარე, წელს გაცილებით მეტი  პატიმარი გარდაიცვლება  საქართველოს ციხეებში. 
იმ დროს არც ძალადობას ჰქონია ასეთი მასშტაბები  და, შესაბამისად, არც გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა ყოფილა ასეთი კატასტროფული.
- ბატონო გელა, 20-წლიანი დამოუკიდებლობის შედეგად რა შეიძინა დადებითი ჩვენმა სახელმწიფომ და რა დაკარგა?
- ჯამში ჩვენ შესაძენი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე - შენაძენი. საზოგადოებას ყოველდღიური ბრძოლა სჭირდება, რომ ისევ იმ იდეალებისკენ გადადგას ნაბიჯი, რომლებიც ჩვენ 20 წლის წინათ გვქონდა. სამარ­თლებრივი კუთხით და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, ჩვენ დღეს ტოტალური რეჟიმისკენ წავედით და არა - ქვეყნის დემოკრატიული მოწყობისკენ.
ზოგადად, მართალია, გარკვეული წარმატებებიც გააჩნია ქვეყანას, მაგრამ ეს რომელიმე ხელისუფლების დამსახურება ნამდვილად არ არის. მაგალითად, ის, რომ დღეს საქართველო ტექნიკის, საკომუნიკაციო საშუალებების მხრივ წინ წავიდა, გვაქვს მობილურები და კომპიუტერები, ეს დროის დამსახურებაა - საქართველოში დღეს ამ კუთხით თუ რაიმე წინსვლა არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური პროგრესის წყალობითაა, თორემ ჩვენი ხელისუფლება ხალხზე ზრუნვით თავს ნამდვილად არ იკლავს.
ტოტალური რეჟიმისკენ ლტოლვის ტენდენცია კვლავ ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს ნათელი მომავალი არასოდეს ექნება. 
ესაუბრა
ეკა რობაქიძე