შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა 31 მარტს თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა და თბილისში შვედეთის საელჩო გახსნა.
ვიზიტის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძეს შეხვდა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებულ შეთანხმებაზე მთავარი მომლაპარაკებელია საქართველოს მხრიდან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ამავე ინფორმაციით, „აქცენტი გაკეთდა ასოცირების შესახებ შეთანხმების შემუშავების მიმდინარეობაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროულად დაწყებასა და აღმოსავლეთის პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე“.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სადილზე პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.