პოლიტიკა
საქართველოსა და აფხაზეთს მოლაპარაკებების ორმხრივი პლატფორმა სჭირდებათ - ასლან ბჟანია

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ჟენევის ფორმატის გარდა, საქართველოსა და აფხაზეთს მოლაპარაკებების ორმხრივი პლატფორმა სჭირდებათ, – ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ორმხრივი მოლაპარაკებები ფარგლებში შესაძლოა, გადაწყდეს მცირე სასაზღვრო საკითხები.

ქართველები და საქართველოს სახელმწიფო – ჩვენი მეზობლები არიან. გვინდა თუ არ გვინდა, თუმცა ჩვენ გვაქვს მრავალი კონტაქტი საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ, კვეთენ საზღვარს, ჩადიან იქ. ამ ადამიანებს სხვადასხვა პრობლემა ექმნებათ – სამწუხაროდ ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე იძულებულია, გაემგზავროს იქ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ხდება ისეც, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სჩადიან დანაშაულს და იმალებიან საქართველოში. ხდება საპირისპიროც. თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ენერგეტიკული კომპლექსის „ენგურჰესის“ ექსპლუატაციას. ეს ასევე კონტაქტების გარკვეული დონეა“, – აღნიშნა ასლან ბჟანიამ.

ბჟანია მიიჩნევს, რომ ამგვარი საკითხების განსახილველად და გადასაჭრელად შესაძლებელია, მოლაპარაკებების განსხვავებული ფორმატის ჩამოყალიბება.

ეს შეიძლება იყოს არა ასეთი ტერიტორიულად მოშორებული პლატფორმა, როგორც ჟენევის დისკუსიებია. აქ, საზღვარზე ან სადმე – ასეთი საკითხების გადასაწყვეტად“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისი თქმით, აფხაზეთი იღებს საქართველოს სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტისგან გზავნილებს, რომლებიც მიანიშნებს, რომ საქართველოში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს უფრო ინტენსიური დიალოგის დამყარება სურთ.