საზოგადოება
„ქართული პარტიის“ კონფერენცია ზუგდიდში – საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი ლადო ქირია სამეგრელოდან გვატყობინებს:

gachechiladze_subari„ქართული პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის კონფერენცია 31 მარტს ენგურქაღალდკომბინატის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, რადგან ქალაქში არსებულ მსგავს სხვა დაწესებულებებში ადგილობრივი ხელისუფლება ოპოზიციას არ აჭაჭანებს, მაგრამ წინა საღამოს 10 საათზე ზუგდიდის გამგეობამ, რატომღაც, გამოიჩინა კეთილი ნება და „ქართულ პარტიას“ ნება დართო, ეს კონფერენცია შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაემართა.

ლევან გაჩეჩილაძესა და სოზარ სუბარს გაეხარდათ, დარბაზი ხალხით სავსე რომ ნახეს. „ამ დარბაზში იწყება მიშას პრეზიდენტობის დასასრული. ჩვენ გპირდებით, რომ არ მიგატოვებთ და ბოლომდე მივიყვანთ საქმეს. ჩვენ მარტონი არ ვართ. ვმუშაობთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. კარგი ურთიერთობა გვაქვს „სახალხო კრებასთანაც“, ჩვენთვის საფიცარია ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი!“ – განუცხადა დარბაზში მყოფთ სოზარ სუბარმა.

ლევან გაჩეჩილაძემაც აღუთქვა დამსწრეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, თარიღის დასახელების გარეშე, ბოლოს და ბოლოს, მოიცილებენ მიხეილ სააკაშვილს.

„ქართული პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელ კახა მიქაიას პარტიის პოლიტსაბჭოში გადასვლისა და სამეგრელოს რეგიონის კურატორობასთან დაკავშირებით, მისი ადგილი თენგიზ გერგედავამ დაიკავა. ერთ დროს ისინი კოკო გამსახურდიას „თავისუფლებაში“ ერთად მოღვაწეობდნენ“.