სამართალი
მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ აიწყობენ ბიზნესგეგმებს საერთო გაჭირვებაზე, ამას მკაცრად გავაკონტროლებთ - ნათია თურნავა

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. მოვუწოდებთ ყველა კომპანიას, იქნება ეს მსხვილი სადისტრიბუციო-საბითუმო თუ საცალო ვაჭრობის კომპანია, არავინ ისარგებლოს შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟური მოთხოვნით და არ აიწყოს ბიზნესგეგმები საერთო გაჭირვებაზე, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მსხვილ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსთან დაგეგმილი ბრძოლის პრევენციული ღონისძიებებისა და დაგეგმილი რეგულარული შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხები იყო, მათ შორის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგებისა და არსებული ფასების შენარჩუნების საკითხი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, კომპანიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მარაგის თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს.

გავიარეთ ყველა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხი, რითიც შეიძლება გვერდში დავუდგეთ ამ კომპანიებს. მაგრამ სანაცვლოდ საკმაოდ მკაცრად მოვთხოვეთ, რომ მარაგების შევსება მოხდეს შეუფერხებლად და სწრაფად. მივიღეთ დაპირება, რომ ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ასევე მთავარი თემა იყო ფასები. მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით და აჟიოტაჟური მოთხოვნით. ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რეალურ რეჟიმში ახორციელებს იმის მონიტორინგს, რომ არ მოხდეს საკვები პროდუქტისა და სხვა პირველადი მოხმარების საგნებზე შეფერხება. მისი თქმით, ამ მხრივ, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვინმემ არ ისარგებლოს ბოროტად არსებული სიტუაციით და სპეკულატური ფასები არ არსებობდეს. ამაზე ვიქნებით ძალიან მკაცრები, პრინციპულები და მომთხოვნები. მოვუწოდებთ ყველას, რომ ამისგან თავი შეიკავოს, რადგან ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.