უცხოეთი
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. სომხეთში დღეიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 მარტს საღამოს 17:00 საათზე ამოქმედდება და 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მოქალაქეებს სომხეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ.

გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ სატვირთო მანქანების მძღოლები.

გარდა ამისა, იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სომხეთში ჩასვლა.

გამონაკლისი დაიშვება სომხეთის მოქალაქეთა ოჯახის წევრებისთვის და უცხო ქვეყნებში მყოფი სომხეთის მოქალაქეებისთვის, ასევე, დიპლომატებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც სომხეთში ბინადრობის უფლება აქვთ.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში აკრძალული იქნება დაკრძალვისა და ქორწილის გამართვაც.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.

ამასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდება.

აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანსა და რუსეთის მთავრობის მეთაურ მიხაილ მიშუსტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ შედგა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ერთობლივ ნაბიჯებს გადადგამენ.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.

კიდევ 300 ადამიანი კარანტინშია და მათ ექიმები აკვირდებიან.

1tv.ge