სამართალი
თუ პოლიტპატიმრების გამოშვების კუთხით ნაბიჯები არ გადაიდგა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ - რომან გოცირიძე

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. თუ პოლიტპატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით ნაბიჯები არ გადაიდგა, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის დარეგისტრირებით შეთანხმების ერთი ნაწილი შესრულდა და ახლა დღის წესრიგში რჩება მეორე - პოლიტპატიმრების გათავისუფლების - საკითხი.

"კანონპროექტში ბოლო შენიშვნები, რაც ეხებოდა ოლქების განაწილებას და საარჩევნო ბლოკებს, გათვალისწინებული იქნა. ამიტომ შეთანხმების ერთი ნაწილი ბოლომდე შესრულებულია. კანონპროექტი მთლიანად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს მხარე შესრულებულია. ახლა დარჩა მეორე მხარე - პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გამოშვება. მხოლოდ ამ ნაწილის შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით საპარლამენტო მუშაობას. თუ მანამდე არ იქნა გადადგმული ნაბიჯები პოლიტპატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ",- განაცხადა გოცირიძემ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, შესაძლებელია, რომ ხელისუფლებამ გიგი უგულავას გასათავისუფლებლად პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს.

"როდესაც ელჩების განცხადებაში პრეზიდენტი იყო ნახსენები, ბუნებრივია, ეს იყო შეწყალების მექანიზმზე მინიშნება. როდესაც ელჩების განცხადებაში საუბარი იყო სასამართლო სისტემის პოლიტიზირებაზე, ესეც მინიშნებაა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან. როდესაც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები არიან, შეუძლებელია, რომ ის ასეთ განცხადებას აკეთებდეს საქართველოს საელჩოსთან შეუთანხმებლად", - განაცხადა გოცირიძემ.

ინტერპრესნიუს