საზოგადოება
არა აზარტულ თამაშებს! - საქართველოს პირველი არხის ახალი კამპანია

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პირველმა არხმა დაიწყო აზარტული თამაშების პოპულარიზაციის საწინააღმდეგო კამპანია – „არა აზარტულ თამაშებს!“.

საქართველოს პირველი არხი, როგორც უსაფრთხო მედია, ეთერში სათამაშო ბიზნესის რეკლამას 2020 წლიდან აღარ ათავსებს, რის შესახებაც არხის მენეჯმენტმა 2019 წლის 30 ოქტომბერს ოფიციალურად განაცხადა.

უსაფრთხო მედიის კონცეფცია გულისხმობს ისეთ სატელევიზიო ეთერს, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის ყველა წევრისთვის უსაფრთხო, მხოლოდ გადამოწმებულ, სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას. სწორედ ასეთ კონტენტს სთავაზობს საქართველოს პირველი არხი მაყურებელს.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, კამპანია კიდევ უფრო ფართო სახეს მიიღებს.

საქართველოს პირველმა არხმა დაიწყო სოციალური კამპანია „არა აზარტულ თამაშებს!“ მანამდე, ჩვენ ავკრძალეთ აზარტული თამაშების რეკლამა ჩვენს არხზე და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე. საზოგადოება დიდი ხანია, ამ სენის წინააღმდეგ იბრძვის. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არის ტკივილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს და რომელსაც ძალიან ბევრი თანმდევი პრობლემა ახლავს. ვცდილობთ, გარკვეული წვლილი შევიტანოთ ამ მხრივ. ვფიქრობთ, რომ საზოგადოება შეძლებს ამ პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანებას და მის დაძლევას. ამის დიდი იმედი გვაქვს. კამპანია გაგრძელდება და მიიღებს კიდევ უფრო ფართო სახეს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.