„ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს მიერ გარკვეული რაოდენობის მსუბუქი შეიარაღების შესყიდვა ახლაც ხორციელდება, თუმცა საქართველოს მძიმე შეიარაღება ესაჭიროება“, – განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალ „Foreign Policy“-ს ბლოგ „The Cable“-ს აშშ-ში მისი ბოლო ვიზიტის დროს.
2010 წლის სექტემბერში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის საქმეში „სიფრთხილეს“ იჩენს. თუმცა, მან ისიც განაცხადა, რომ „ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა“.
2010 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონმა, კატეგორიულად უარყო, რომ თითქოს ვაშინგტონმა საქართველოს იარაღის ემბარგო დაუწესა, თუმცა მან, ასევე, განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის პრიორიტეტია „დაძაბულობის შემცირება“ და მიღწევა იმისა, რომ რუსეთმა შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„არ გვგონია, რომ იარაღის მიყიდვა და სამხედრო აღჭურვილობა არის გზა იმ ვითარებისკენ, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში“, – განაცხადა გორდონმა.