რელიგია
ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ! – ილია მეორე

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა: „ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ“.

პატრიარქის ამ განცხადებაზე ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს. მეუფის თქმით, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა აშკარაა და ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია.

მგონი, კითხვაც არ უნდა, ვის შეიძლება პატრიარქი გულისხმობდეს და ვინ ებრძვის 40 წელი. 40 კი არა, 7 ათასი წელია ეშმაკი ებრძვის ადამიანს. კონკრეტულად ვისი ხელით ებრძვის, ეს სხვა საკითხია. ეკლესიას ებრძვიან, ეს ხომ ცხადია?! მანდ ორი აზრი არ არსებობს. 60 წელზე მეტია პატრიარქი სასულიერო პირია და სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანების ხელით ეს ბრძოლა არის მუდმივი. რა თქმა უნდა, პატრიარქმა იგულისხმა კონკრეტული ადამიანები, მაგრამ ეს ადამიანები იცვლებიან. 40 წლის წინ ვინც ებრძოდა, კონკრეტულად ისინი დღეს აღარ არიან. დღეს ვინ იგულისხმა, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, ეს საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ ვინ დგას მათ უკან, ეს სხვა საკითხია… ვინც ებრძვის, იმან უკვე გამოაცხადა თავისი თავი, გამოააშკარავა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგულისხმა თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებში, მეუფემ განაცხადა: „ეს მინიშნება არ არის, რა ასე არ არის?! გამოვალ, გამოვაქვეყნებ, თუ არ გამოვალ, მაინც გამოვაქვეყნებო, მეტი რა უნდა გამოაქვეყნონ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფემ პეტრე ცაავასთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა: „ვინ შეაგინა პატრიარქს საჯარო სივრცეში, შეგიძლიათ ორი ადამიანი დამისახელოთ? ეს მინიშნებაა? „კოლმეურნეობის თავმჯდომარეა და გვარს არ დავასახელებო“– ისე კი არ ვიძახი, ეს მინიშნება არ არის, მაგრამ კონკრეტული სიტყვების თქმა არ მინდა. პიროვნების მიმართ ზიზღი არ მაქვს, ვლაპარაკობ მის მოქმედებაზე, გინებაზე საჯარო სივრცეში, ეს ბრძოლა არ არის?! არ არის ეს საშინელი მოქმედება?! არ არის ფანტასტიკური დეტექტივის სიუჟეტი, როცა უცებ ასეთ საშინელებას იტყვი?! ეს არის ბრძოლა! 42 წლის წინ რაც იყო, ამაზე აღარ ღირს საუბარი. ფიზიკური თავდასხმები იყო პატრიარქზე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.