აქტუალური
საქართველოს გენშტაბის უფროსი თბილისში სომეხ კოლეგას შეხვდა

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. საქართველო და სომხეთი თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებენ, განაცხადა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავის სომეხ კოლეგა არტაკ დავთიანთან შეხვედრის შემდეგ.

სომხეთის გენშტაბის უფროსი თბილისში პირველად იმყოფება ორდღიანი ვიზიტით, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სამედიცინო მიმართულებით, ასევე წვრთნებში მონაწილეობას იღებენ მათი სამხედროები, აქტიურად არიან ჩართული საჩხერის სამთო მომზადების კურსებზე", – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და რეგიონში არსებული პრობლემები.

ჩაჩიბაიამ სომეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაცია კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვევა.