აქტუალური
საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია - გია ვოლსკი

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. რეზოლუციის მიღება იმ დამატებებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, არათუ არ ასახავს საქართველოში შექმნილ ვითარებას, არამედ არსებულ ფორმატში შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების თემა შემოაქვთ, რაზეც მიუთითა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომლითაც სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ჩავარდნას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, დოკუმენტში შიდა საკითხები მოხვედრილიყო, მათ შორის საუბარი იყო გიგი უგულავას საქმეზეც.

გია ვოლსკის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი დამატება მხარდაჭერილი არ იყო.

ოპოზიცია იმასაც ეცადა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ყოფილიყო საუბარი. ეს არის საბოტაჟი და უფრო მეტიც. ისეთი თემა შემოიტანეს, რომელიც შიდა საკითხებს ეხება, გიგი უგულავას საკითხზეც იყო საუბარი. ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ შემოტანილი არც ერთი დამატება ან ცვლილება არ ყოფილა მიღებული, ყველა ჩავარდა, მათ შორის წინა საპარლამენტო პერიოდის განმავლობაში. ევროპარლამენტართა პოზიციებში სხვაობა არსებობს.ზოგი ამბობს, რომ შიდა თემა რეზოლუციაში შემოსატანი არ არის, ვინაიდან საქართველო ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას. მით უმეტეს, რომ ინტენსიურად განიხილება ევროპარლამენტართა კომისიის მოვლინების საკითხი. ექვსი ხუთის წინააღმდეგ გადაწყდა, რომ რეზოლუცია არ იქნება მიღებული. იმის მტკიცება, თითქოს, ევროპარლამენტარები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქეთ არიან და იქეთ მხოლოდ „ქართული ოცნება“, არის არა მხოლოდ საბოტაჟი, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ეს მიუთითებს იმ ისტერიკაზე, რაც დღევანდელ მოცემულობას ახასიათებს. რეზოლუციის მიღება იმ დამატებებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, არათუ არ ასახავს საქართველოში შექმნილ ვითარებას, არამედ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების თემა შემოაქვთ არსებულ ფორმატში, რაზეც მიუთითა ევროპარლამენტართა თავმჯდომარემ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკი ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია და საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული ვალდებულებები ასეთი ჩამონათვალიდან ვერ გაქრება.

საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია, ვალდებულებები, რომელიც შესრულებულია, ვერ წაიშლება იმ ჩამონათვალიდან, რომელიც საქართველოს წარმატებით აქვს განხორციელებული“,- განუცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.