სამართალი
ოპოზიცია თბილისში მასშტაბური აქციის თარიღზე შეთანხმდა

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. 4 აპრილს თბილისში გაიმართება მასშტაბური საპროტესტო აქცია, ამის შესახებ განუცხადა ჟურნალისტებს „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. საპასუხოდ, ოპოზიციამ არა მხოლოდ უარი თქვა საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით შემდგომ მოლაპარაკებებზე მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, არამედ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შესახებ განაცხადა.

4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველზე ვიკრიბებით ყველა, სადაც განვაცხადებთ არჩევნებში ჩვენი ერთობლივად თანამშრომლობის რა მექანიზმი გვექნება, ამ კუთხით მონაწილეობის საკითხს. მანამდე გვექნება ბევრი საპროტესტო ღონისძიება, პიკეტი, რეგიონებში გასვლები. ოთხ აპრილს დავაანონსებთ, რა ფორმით ვითანამშრომლებთ არჩევნების ფორმატში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაში, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ოპოზიციამ თბილისში ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატების შეთანხმების პროცესი დაიწყო.

ეს პროცესი უკვე დაწყებულია და გაგრძელდება. ოპოზიცია ვალდებულია, ყველა სცენარი ჰქონოდა ისედაც და ამიტომაც ეს პროცესი გიგი უგულავას დაჭერამდე იყო დაწყებული, გიგი უგულავას ინიციატივითაც და იმიტომაც დაიჭირეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციის ლიდერები თავისი შემდგომი სამოქმედო გეგმების შეთანხმებას აგრძელებენ.