სამართალი
ზემო ლარსზე ასობით ავტომობილი გზის გახსნას ელოდება

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ცენტრალური ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია - ასობით ტრეილერი და მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულია დაბა ჟინვალში რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის გახსნის მოლოდინში.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აიკრძალა. როდის აღდგება მოძრაობა, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, მაგრამ გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად გარემოს ეროვნული სააგენტოს ნებართვას ელოდებიან.

პირველი არხის ინფორმაციით, გზაში გაჩერებული ავტომობილების მძღოლებსა და მგზავრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკვები და წყალი მიაწოდეს.

მძღოლები, რომლებიც გზის გახსნას ელოდებიან, აცხადებენ, რომ მათ ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის საწვავისა და საკვების მხრივ.

„ადამიანებს აქ ჰყავთ პატარა ბავშვები, ფული გვიმთავრდება, საწვავი იწურება, ბევრი პრობლემა გვაქვს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

დუშეთის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის თქმით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება მაშინვე, როდესაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნებართვას მიიღებს და მოძრაობა აღდგება.

პროდუქტების და საწვავის ნაკლებობას განიცდიან ასევე ტრეილერების მძღოლები, რომლებიც მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, სოფელ მლეთასთან არიან გაჩერებული. ისინი ამტკიცებენ, რომ ბედის ანაბარა არიან დარჩენილები და დახმარებას ითხოვენ.

მესამე დღეა, ვდგავართ აქ. არავინ ჩვენი მომკითხავი არ არის. საკვები აღარ გვაქვს. ფაქტობრივად, მანქანასაც ვქოქავთ დილით, საღამოს რომ აკუმულატორები არ დაგვიჯდეს. რუსი, ქართველი, სომეხი და ბელარუსი მძღოლები ვართ აქ. საერთოდ არ არის არანაირი ყურადღება ჩვენს მიმართ. გზა იწმინდება თუ არა, არც ეგ ვიცით, – განაცხადა პირველი არხის ეთერში ერთ-ერთმა მძღოლმა გია გრიგალაშვილმა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღეისათვის საქართველოს და სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.