სამართალი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მარტყოფში მკვლელობა მონასტერს შეფარებულმა პირმა ჩაიდინა

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარი მკვლელობის ფაქტს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძე წერს, ეპარქიიდან მიღებული ინფორმაციით, მონასტერს შეფარებულმა პირმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ერთი ადამიანი მოკლა და ადგილი დატოვა.

როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, – წერს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე მდებარე ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.