აქტუალური
საქართველო არ მიდის მიმართულებით, რომელიც მას უფრო სტაბილურ და თავისუფალ ქვეყნად აქცევს - სვანტე კორნელი

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. მე ვშიშობ, რომ საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა, - ამის შესახებ „კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის" დირექტორმა სვანტე კორნელმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პროგრესის გრძელი ისტორია აქვს, მაგრამ ამჟამად უკუსვლა ჩანს.

საქართველო არ მიდის მიმართულებით, რომელიც მას უფრო სტაბილურ, უფრო განვითარებულ და უფრო თავისუფალ ქვეყნად აქცევს. პირიქით, მე ვშიშობ, რომ საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა. მთავრობამ არაერთი სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან, გამოკითხვები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მოსახლეობის უკმაყოფილება სწრაფად იზრდება“, - განაცხადა კორნელმა.

მისივე თქმით, ამერიკის ხელისუფლებისა და კონგრესისი მნიშვნელოვან ნაწილში ჯერ ისევ არის საქართველოს მიმართ ინტერესი.

ეს კარგი რამაა. მსოფლიოში არსებული სხვა უამრავი პრობლემის მიუხედავად, ხალხი ინარჩუნებს საქართველოსადმი ინტერესს. ვინც საქართველოში ოდესმე ყოფილა, ცოტას თუ შეუძლია მისი დავიწყება. კიდევ ერთი რამ ისაა, რომ გასულ წელს ვნახეთ ხარისხობრივი ცვლილება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ანტისამთავრობო დემონსტრაციების მასშტაბურობას. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა პატივსაცემი პროდასავლური ადამიანები, რომლებიც წარმატებით ახერხებდნენ კომუნიკაციას, იმის ახსნას, თუ რა ხდებოდა საქართველოში და მღელვარების ჩაცხრობას. ეს ხალხი „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები აღარ არიან. სხვადასხვა დროს ბატონმა ივანიშვილმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი ან შექმნა სიტუაცია, რომ ამ პროდასავლურ ადამიანებს არ ჰქონდათ სხვა არჩევანი გარდა მთავრობის დატოვებისა. ქვეყნის გარეთ ეს შეამჩნიეს. მესამე ისაა, რომ დემოკრატიის შეფასების რამდენიმე ინდექსში საქართველო კარგავს საკუთარ პოზიციას“, - აცხადებს კორნელი ინტერვიუში.