სამართალი
ჯარში ათეულის მეთაურმა რიგითს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ლოჯისტიკურ სარდლობას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ათეულის მეთაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ათეულის რიგითს.

კონფლიქტის მიზეზი ათეულის მეთაურის მიერ რიგითისათვის მიცემული შენიშვნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიგითის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გარეგნული დათვალიერებით არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება, პრევენციის მიზნით ის გადაყვანილ იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ჯარისკაცმა დეტალური სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგადაც, ექიმის დასკვნის საფუძველზე, დაწესებულებიდან გაწერეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო შესაბამის მოქმედებებს ატარებს და გამოძიების შედეგების შესაბამისად გაატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას.