საზოგადოება
გახარია USAID-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდა — საქართველოში ივანკა ტრამპის ეკონომიკური ინიციატივის რეალიზაცია დაიწყო

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა და „USAID“​-ის ადმინისტრატორის მოადგილემ განიხილეს საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

აღინიშნა საქართველოს თვალსაჩინო პროგრესი ყველა მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსა და „ USAID“​-ს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას.

გიორგი გახარიამ და ბონი კლიკმა ისაუბრეს „USAID“-ის სამომავლო პროგრამებზე. ყურადღება გამახვილდა ხუთწლიან გეგმაზე, რომელიც როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პრიორიტეტებზე იქნება მორგებული.

„USAID“-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ხაზი გაუსვა განათლების სფეროში ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. მისი თქმით, ამერიკული მხარე ხედავს, თუ რამხელა ძალისხმევას ხარჯავს საქართველოს მთავრობა ამ და სხვა მიმართულებებით.

შეხვედრისას, აგრეთვე, საუბარი შეეხო „USAID“-ის​ პროგრამას – „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“. აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყო ივანკა ტრამპის ეკონომიკური ინიციატივის განხორციელება, რომელიც მეწარმე ქალთა და ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს.

„USAID“-ის​ მიერ „იეს-ჯორჯიას“ (YES-Georgia) პროგრამის გაფართოება მეწარმე ქალთა ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული. 2024 წლის დასაწყისისთვის, YES-Georgia უზრუნველყოფს 2500-ზე მეტი ქალისთვის ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგს, იურიდიულ და საბუღალტრო სერვისებს, მენტორობისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა, „USAID“​-ის მიერ 840,000 აშშ დოლარით დაფინანსდება.

მთავრობის მეთაურმა ამერიკულ დელეგაციას მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა „USAID“-ის​ ახალი პროგრამების მიმართ, რომელთაც დიდი როლი აქვთ საქართველოს სამთავრობო რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს აშშ-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო და სტრატეგიულ პარტნიორობას.

საქართველოში „USAID“-ის შემოსვლიდან დღემდე, წარმატებული პარტნიორობის პირობებში, ამერიკელმა ხალხმა ქვეყანას 1.8 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, „USAID“-ის​ მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს მხრიდან კი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.