პოლიტიკა
აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ამერიკელი კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას, განაცხადა თბილისის მერმა

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას, – განაცხადა კახა კალაძემ ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ფრონტერა“ უპასუხისმგებლო კომპანიაა, რომელმაც იცის, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში დავას წააგებს და ამიტომ ლობისტებს მიმართა.

განცხადებები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ, სცდება ყოველგვარ მეგობრულ ურთიერთობას. იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება საეჭვო რეპუტაციის მქონე ერთ კომპანიას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და ძალიან კარგად ვიცი, თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული კომპანია, „ფრონტერა“ მაქვს მხედველობაში. ჩვენ დავიწყეთ საქმის წარმოება, საერთაშორისო არბიტრაჟში არის საქმე და დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ ამ საქმეს და გააძლიერეს თავიანთი ლობიზმი. თუმცა, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენს კომპანიებს, როდესაც მართალი ვართ. სწორედ ამიტომ არის საქმე საერთაშირისო არბიტრაჟში და და დარწმუნებული ვარ, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამ დავაში აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.