სამართალი
წეროვანში სამხედროთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. წეროვანში საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ცენტრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

ახალი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს.

ეს კეთდება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია პირველ რიგში იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე", – განაცხადა გახარიამ.

ცენტრის მაღალ დონეზე ტექნიკური აღჭურვისთვის საქართველოს ხელისუფლებამ მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელება აშშ-ის ინვესტიციის დახმარებით გახდა შესაძლებელი – შეერთებულმა შტატებმა 4,5 მილიონი დოლარი გამოყო.

გარდა ამისა, გახარიამ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამხედროების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის მადლობა გადაუხადა. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, დაჭრილი ან დაშავებული ჯარისკაცები უკვე იღებენ სახელფასო დანამატს 200-დან 800 ლარამდე ფარგლებში.

სამხედროების სოციალური კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2013 წლიდან სამხედროებს სახელფასო ანაზღაურება რამდენჯერმე გაეზარდათ. გაიზარდა ერთჯერადი დახმარების ოდენობაც. გარდა ამისა, მთავრობა აქტიურად მუშაობს სამხედროების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამაზეც.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები, წოდებიდან გამომდინარე, 950-დან 4,3 ათას ლარამდე ხელფასს იღებენ. ისინი, ვინც თავდაცვის ძალებში სამოქალაქო თანამდებობები უკავიათ – 665-დან 2,1 ათას ლარამდე. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, მათი ხელფასი 2,1 ათასიდან 7,6 ათას ლარამდეა.