სამართალი
ქეთევან ციხელაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანის მოადგილესთან ორმხრივ შეხვედრაზე, ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი განიხილეს.

ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რა თქმა უნდა ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი. ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ის დღისწერიგი, რომელიც ჩვენ 2020-ში გვაქვს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.