უცხოეთი
იერუსალიმში საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გაიხსნა

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსულს იგალ ამედის მადლობა გადაუხადა მასპინძლობისა და გაწეული მუშაობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ზურაბიშვილმა საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე აღნიშნა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ოფისის გახსნა ხდება იმ დროს, როცა ისრაელის სახელმწიფო მასპინძლობს მნიშვნელოვან საერთაშორისო შეკრებას – მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმს და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებს, რომლებიც ერთად გაიხსენებენ 75 წლის წინანდელ მოვლენებს, როცა გათავისუფლდა აუშვიცი და როცა დამთავრდა ებრაელი ერის უდიდესი ტრაგედია.

„ჩვენ გუშინ სწორედ ეს თარიღი და ყველაფერი ის გავიხსენეთ, რაც ქართულ-ებრაულ ურთიერთობასა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობას ეხება – ეს ისეთი მჭიდრო კავშირებია, რომლის აღწერაც ძალიან რთულია", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსულს იგალ ამედის მადლობა გადაუხადა მასპინძლობისა და გაწეული მუშაობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში 21 იანვარს გაემგზავრა მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი გამართავს შეხვედრებს ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან სტევო პენდაროვსკისთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან ჟიული პეიეტთან და ფორუმში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან.

ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში გაემგზავრება და 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

sputnik-georgia.com